Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელი კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდება
  • თუკი ნიკოლოზი მე-3 წრემდე მივიდა, იქ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ელის

ცნობილი გახდა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი ნიუ იორკში მიმდინარე მასტერსის პირველ წრეში დაუპირისპირდება. Western & Southern Open-ის (საპრიზო ფონდი 4 674 780 დოლარი) სასტარტო შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-15 განთესვის მქონე კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება.

შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილს წილისყრის დროს ნაკლებად გაუმართლა, რადგანაც 20 წლის ოჟე-ალიასიმი ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ წარმომადგენლად ითვლება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილი უკავია, ფელიქსი კი მას 7 პოზიციით უსწრებს. ქართველი ჩოგბურთელი კანადელს 2-ჯერ შეხვედრია და უარყოფითი ბალანსი აქვს. გასულ წელს ნიკამ მასთან მაიამის მასტერსზე 6:7 (4:7), 4:6 წააგო, ლიონის ტურნირზე კი – 6:2, 6:7 (3:7), 4:6.

თუკი ბასილაშვილმა კანადური ბარიერი დასძლია, 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მე-2 წრეში ამერიკელ ტენის სანდგრენსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის უმჯობესს ეთამაშება, შემდეგი სავარაუდო მეტოქე კი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელსაც ნიუ იორკის მასტერსზე პირველი განთესვა გააჩნია (მე-2 ავსტრიელი დომინიკ ტიმია, შემდეგ კი, რუსი დანიილ მედვედევი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და გერმანელი ალექსანდერ ზვერევი მოდიან).

ბასილაშვილმა Western & Southern Open-ზე შარშანაც ითამაშა, თუმცა, პირველივე წრეში დამარცხდა და ამდენად, სარეიტინგო ქულები დასაცავი არ აქვს. გასულ წელს ნიკოლოზმა ანდრეი რუბლიოვთან 7:6 (7:4), 4:6, 2:6 წააგო, რუსმა ჩოგბურთელმა კი შემდეგ ვავრინკასა და ფედერერსაც აჯობა და მხოლოდ მეოთხედფინალში დამარცხდა თანამემამულე დანიილ მედვედევთან. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შეჯიბრი სწორედ ამ უკანასკნელმა მოიგო, რომელმაც ფინალში ბელგიელ დავიდ გოფინს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, Western & Southern Open-ი პირველი საერთაშორისო ტურნირია, რომელიც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ეგიდით მიმდინარეობს. საკვალიფიკაციო მატჩები დღეს სრულდება, ძირითადი ბადის შეხვედრები კი 22-28 აგვისტოს შედგება. ეს მასტერსი ტრადიციულად ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი, მას ნიუ იორკი მიიღებს, სადაც 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე პერიოდში უკვე აშშ-ს ღია პირველობა ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები