Thumbnail

ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოსთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ბელარუსის ეროვნულ ნაკრებში რთული ვითარებაა შექმნილი. ქვეყანაში სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ ალეკსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ამას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა და საპროტესტო აქციებში სპორტსმენებიც არიან ჩართულნი.

ეროვნულ გუნდში თამაშზე უკვე უარი განაცხადა მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდმა ილია შკურინმა, ბორისოვოს ბატეს ფორვარდი ანტონ საროკა კი უშუალოდ აქციაზე დააკავეს და 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ბატეს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა სტანისლავ დრაგუნმა, რომელიც ნაკრების კაპიტანიც არაერთ მატჩში ყოფილა:

“საქართველოსთან მოახლოებული მატჩის წინ, უკვე ძალიან ბევრი მთხოვს, რომ ისე მოვიქცე, როგორც ილია შკურინი. მოგეხსენებათ, მან ეროვნულ გუნდში თამაშზე უარი თქვა. ის უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი არჩევანი გააკეთა, მე კი, ჩემი არჩევანი მაქვს. ნაკრებში რომელიმე კონკრეტული ადამიანისთვის ან ორგანიზაციისთვის არ ვთამაშობ. მე მოედანზე ჩემი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და ჩემი საყვარელი ბელარუსი ხალხისთვის გავდივარ. ამიტომაც, ნაკრებში ვთამაშობდი, ვთამაშობ და ვითამაშებ. ვამაყობ, რომ ბელარუსი ვარ!”.

ცნობისთვის, 32 წლის დრაგუნი ბელარუსთა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. მას ეროვნულ გუნდში 66 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი აქვს გატანილი. საინტერესოა, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელიც ბელარუსმა საქართველოს 2:0 მოუგო (თამაში 2012 წლის 16 ოქტომბერს ჩატარდა) 1 გოლი სწორედ დრაგუნმა გაიტანა.

სტანისლავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხოლოდ რუსეთში უთამაშია, სადაც სამარის კრილია სოვეტოვის, მოსკოვის დინამოსა და ორენბურგის ღირსებას იცავდა. სხვათა შორის, იგივე განცხადებაში ფეხბურთელმა რუსებს მიმართა და მოუწოდა, ამჯერად მაინც არ ჩაერიონ სხვა ქვეყნის საქმეებში და ბელარუსებს თავიანთი პრობლემების თავადვე მოგვარების საშუალება მისცენ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა მატჩი ჯერ კიდევ 26 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ თამაში რამდენჯერმე გადადო. თუკი არაფერი შეიცვალა, შეხვედრა თბილისში 8 ოქტომბერს გაიმართება, წარმატების შემთხვევაში კი ვლადიმირ ვაისის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს. დაესწრება თუ არა ამ მატჩებს მაყურებელი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები