Thumbnail

მაკარიძე ლეგიაში? პოლონეთის ჩემპიონი ქართველი მეკარის ტრანსფერზე მუშაობს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ინფორმაცია ვარშავული კლუბის ფორუმზე ვრცელდება
  • ლეგიაში ერთი ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს

პორტუგალიური სეტუბალის 30 წლის ქართველმა მეკარემ გიორგი მაკარიძემ კარიერა, შესაძლოა, პოლონეთის ჩემპიონ ლეგიაში განაგრძოს, სადაც უკვე თამაშობს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ვაკო გვილია.

აღნიშნული ინფორმაცია, ჯერჯერობით, მხოლოდ ვარშავული კლუბის ფორუმზე ვრცელდება, სადაც კულუარული ცნობები ხშირად იდება. არაერთი მომხმარებელი წერს, ლეგია მოლაპარაკებას სწორედ მაკარიძესთან აწარმოებს და მის ტრანსფერს ბევრი მომხრეც ჰყავს.

პოლონელი ფანები გიორგის მაღალი დონის გოლკიპერად მიიჩნევენ და ცხადია, ყველაფერს გვილიას ფაქტორიც ემატება, რომელმაც გასულ სეზონში კლუბის გაჩემპიონებაში დიდი როლი ითამაშა (ეკსტრაკლასაში 5 გოლი გაიტანა, ყველა ტურნირზე ერთად აღებული კი, აქტივში 11 გოლი და 9 საგოლე პასი ჰქონდა).

ვაკო გვილიას ლეგიამ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო

ლეგია, რომელიც ქვეყნის უკვე 14-გზის ჩემპიონია, 9 აგვისტოს პოლონეთის სუპერთასისთვის კრაკოვიას ეთამაშება, 21 აგვისტოს კი, უკვე ახალი სეზონი აიღებს სტარტს და პირველ ტურში ძალებს ეკსტრაკლასას ახალწვეულ ჩესტოხოვას რაკუვთან მოსინჯავს.

მაკარიძე პორტუგალიაში 2014 წლიდან თამაშობს და სეტუბალში გადასვლამდე (2019 წელს) ფეირენსეს, მორეირენსესა და რიო ავეს ღირსებას იცავდა. მას სეტუბალთან მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აქვს. გიორგის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა, სულ კი, ქვეყნის მთავარ გუნდში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა რესურსმა Whoscored-მა მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. სეტუბალმა ჩემპიონატი ცხრილში მე-16 ადგილზე დაასრულა და გავარდნას ბოლო მომენტში გადაურჩა, მაკარიძემ კი გუნდის კარი პრიმეირა ლიგის 32 შეხვედრაში დაიცვა და 37 გოლი გაუშვა. ამასთან, ქართველმა მეკარემ კარი “მშრალად” 13 მატჩში შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები