Thumbnail

დანიშვნიდან 4 დღის შემდეგ - მირჩა ლუჩესკუმ კიევის დინამო ფანების გამო დატოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • შახტარის ყოფილი თავკაცის კიევის დინამოში დანიშვნამ ფანები ძალიან გააბრაზა  
  • 74 წლის რუმინელი სპეციალისტი იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა

კიევის დინამოში რამდენიმე დღის წინ მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა მირჩა ლუჩესკუმ თანამდებობა დატოვა. 

74 წლის რუმინელმა სპეციალისტმა დინამო ოთხი დღის წინ ჩაიბარა, მაგრამ დედაქალაქური კლუბის ულტრასებმა დონეცკის შახტარის ყოფილი თავკაცის მათ გუნდში მისვლა თავიდანვე გააპროტესტეს და ფაქტს გუნდის ყველა ქომაგისთვის შეურაცხმყოფელი უწოდეს. ამასთან, კიეველთა ფანებმა დინამოს სტადიონის მიმდებარედ, კლუბის ლეგენდარული მწვრთნელის, ვალერი ლობანოვსკის ძეგლს თვალები აუხვიეს.

'ვალერი ლობანოვსკი ამას არ უნდა ხედავდეს'

მირჩა ლუჩესკუმ თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

"შეუძლებლად მივიჩნევ მუშაობას მტრულ გარემოში, გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე, რომელთა თანადგომა კლუბს რთულ მომენტებში სჭირდება. მსურდა, დავბრუნებოდი იმ მეტოქეობას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გვქონდა. მსურდა, რომ ფანები ტრიბუნებზე აღფრთოვანებულები ყოფილიყვნენ. უკრაინა ამას იმსახურებს. მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, რომ ფანები საკუთარი კლუბის წინააღმდეგ მოქმედებდნენ", - აქვეყნებს უკრაინული მედია სპეციალისტის სიტყვებს.

მირჩა ლუჩესკუ კიეველთა არენაზე 

მირჩა ლუჩესკუ დონეცკის შახტარს 12 წლის განმავლობაში - 2004-16 წლებში წვრთნიდა. რუმინელის ხელმძღვანელობით გუნდმა უკრაინის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, 6-ჯერ ქვეყნის თასი მოიგო, 7-ჯერ კი - ქვეყნის სუპერთასი. ლუჩესკუს შახტარმა 2008/09 წლების სეზონში უეფას თასზე გაიმარჯვა.

რუმინელ სპეციალისტს, შახტარის გარდა, თურქეთის ნაკრებში, ზენიტში, ინტერში, ბეშიქთაშში, გალათასარაიში და იტალიის და რუმინეთის კიდევ რამდენიმე კლუბში უმუშავია.

კომენტარები

ბოლო ამბები