Thumbnail
  • იტალიელმა ფორვარდმა პოლონელის მსგავსად სეზონში 34 გოლი მოაგროვა
  • ჩირო იმობილემ იტალიელი ფეხბურთელებისთვის რეკორდი დააფიქსირა

რომის ლაციოს ფორვარდი ჩირო იმობილე 2019-20 წლების სეზონის “ოქროს ბუცის” დავაში მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გატოლდა.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 30 წლის იტალიელმა ვარსკვლავმა ვერონასთან მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და პოლონელის მსგავსად, სეზონში 34 გოლი მოუგროვდა.

მოგეხსენებათ, ბუნდესლიგა დასრულებულია და ლევანდოვსკის მონაგარის გაზრდის შანსი აღარ ექნება, აი, იმობილეს ლაციო კი კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს და ჩიროს პრესტიჟული ჯილდოს დასაკუთრების კარგი შანსი აქვს. თეორიულად პირველ ადგილზე გასვლის შანსი ტურინის იუვენტუსის ლიდერ კრიშტიანო რონალდოსაც აქვს, რომლის მონაგარიც 31 გოლია.

ამ დროისთვის, სეზონის საუკეთესო მეგოლეთა ნუსხა ასე გამოყურება:

1-2. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 34 გოლი (68 ქულა)
1-2. ჩირო იმობილე (ლაციო) – 34 (68)
3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი) – 31 (62)
4. ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) – 28 (56)
5-6. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 25 (50)
5-6. ერლინგ ჰაალანდი (ზალცბურგი/დორტმუნდი) – 25 (50)
7-8. რომელუ ლუკაკუ (ინტერი) – 23 (46)
7-8. ჯეიმი ვარდი (ლესტერი) – 23 (46)
9-10. ჟან-პიერ ნსამე (იანგ ბოიზი) – 30 (45)
9-10. შონ-ზალმან ვაისმანი (ვოლფსბერგერი) – 30 (45)

ვთქვათ ისიც, რომ სეზონში 34 გოლის წყალობით, იმობილემ იტალიელი ფეხბურთელებისთვის სერია A-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა. აქამდე, ის პირველობას მილანის ინტერის ფორვარდ ანტონიო ანჯელილოსთან ერთად ინაწილებდა, რომელმაც 33 გოლი 1958-59 წლების სეზონში გაიტანა. ამასთან, ჩიროს მხოლოდ 2 გოლი აშორებს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მიღწევასთან, რომელიც გონსალო იგუაინს ეკუთვნის.

ცნობისთვის, იმობილე ლაციოს 2016 წელს ესპანური სევილიადან შეუერთდა და მაშინ მასში მხოლოდ 9.45 მილიონი ევრო იქნა გადახდილი. საინტერესოა, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩირომ სასტარტო შემადგენლობაშო 34 მატჩი დაიწყო და 34 გოლი შეაგდო, აქტივში კი, 8 საგოლე პასიცა აქვს. მას რომაელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები