Thumbnail
  • მიქაუტაძეს, ქუბრიაშვილსა და ნეფარიძეს კონტრაქტები არ გაუგრძელეს
  • მორაგბეთა პროფკავშირებმა LNR-ს სპეციალური ინიციატივით მიმართა

კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმებული სეზონის შემდეგ, საფრანგეთის წამყვან ლიგებში - TOP-14-სა და PRO D2-ში უმუშევარი 100-ზე მეტი მორაგბე დარჩა და ეს, რეკორდული მაჩვენებელია, დაზარალებულთა შორის კი ქართველი ლეგიონერებიც არიან.

მონაცემები ფრანგული ლიგების მორაგბეთა პროფკავშირებმა გაახმაურა და შექმნილი ვითარების გამო, შეშფოთებაც გამოთქვა. საფრანგეთში სატრანსფერო ფანჯარა 15 ივლისს დაიხურა და თუკი გასული წლის იგივე პერიოდში კონტრაქტის გარეშე 50-მდე მორაგბე დარჩა, ახლა, მათი რიცხვი გაორმაგებულია.

უმუშევართა შორის არაერთი ცნობილი მოთამაშეა, ქართველთაგან კი სიაში კონსტანტინე მიქაუტაძე, დუდუ ქუბრიაშვილი და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ექს-კვაჭი გიორგი ნეფარიძეც მოხვდნენ.

მორაგბეთა პროფკავშირმა უკვე მიმართა რაგბის ნაციონალურ ლიგას (LNR) თხოვნით, რომ კონტრაქტის გარეშე დარჩენილ მორაგბეებს სპეციალური სტატუსი მიენიჭოთ. მის თანახმად, ამ მოთამაშეებს 2021 წლის ბოლომდე დასაქმების უფლება იმ პირობით მიეცემათ, რომ არც დამატებითი მოთამაშის სტატუსი ექნებათ და არც – სამედიცინო ჯოკრის.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის მიქაუტაძე 2016 წლიდან მონპელიეს ღირსებას იცავდა, თუმცა, დიდი პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა. 33 წლის ქუბრიაშვილის უკანასკნელი კლუბი გრენობლი გახლდათ, ხოლო 24 წლის ნეფარიძე ანგულემმა დაითხოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები