Thumbnail

21 წლის ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი იმ 105 კალათბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ე.წ. NBA Draft Combine-ზე მიიწვიეს. აღნიშნული სია დღეს გახმაურდა და მასში სანდროს მოხვედრა იმაზე მიანიშნებს, რომ ქართველი ფორვარდის მიმართ ლიგაში მართლაც რეალური დაინტერესება არსებობს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩამონათვალი 70-მდე შემცირდება და თუკი მამუკელაშვილი იქაც მოხვდა, ეს, NBA-სკენ გადადგმული უკვე დიდი ნაბიჯი იქნება.

NBA Draft Combine რამდენიმედღიანი ღონისძიებაა, რომელზეც კოლეჯების კალათბურთელები NBA-ს კლუბების მოთხოვნის მიხედვით ხვდებიან. გუნდები საკუთარი სიმპათიების შესახებ ლიგას აცნობებენ და აღნიშნული სიაც ამის მიხედვით დგება. მიწვეული კალათბურთელები სამედიცინო ტესტებს გაივლიან, ავლენენ სხვადასხვა უნარებს და 5/5-ზე თამაშებში მონაწილეობენ, რომელსაც NBA-ს გუნდების მწვრთნელები, გენერალური მენეჯერები და სკაუტები ესწრებიან.

წლეულს, კომბაინი ჩიკაგოში 21-24 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი არია. ბოლო ინფორმაციით, ის, შესაძლოა, აგვისტოს მიწურულს ჩატარდეს, როდესაც NBA დრაფტ-ლატარეას მოილევს, უშუალოდ დრაფტი კი 16 ოქტომბერს ბრუკლინის ბარკლაი სენთერშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილს დრაფტზე თავისი კანდიდატურა ოფიციალურად აქვს დაყენებული, თუმცა, ჯერაც აქვს შანსი, ამჯერად უარი განაცხადოს და სტუდენტურ კალათბურთში (NCAA), კერძოდ კი, სეტონ ჰოლში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს. სავარაუდოა, რომ ქართველი ლეგიონერი გადაწყვეტილებას კომბაინის დასკვნითი რეიტინგის მიხედვით მიიღებს, ამ დროისთვის კი, მას გასაუბრება NBA-ს უკვე 20-მდე კლუბის წარმომადგენლებთან აქვს გავლილი.

კომენტარები

ბოლო ამბები