Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ მოსკოვის ცსკა-ს სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ თორნიკე შენგელიას შემატების შემდეგ, რუსული გრანდი ევროლიგის უმთავრეს ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. შეგახსენებთ, რომ ამჟამად, სანიკიძე ბერძნული არისის სპორტული დირექტორია, მის კომენტარს კი Известия ავრცელებს.

“თუკი ცსკა-ს საბოლოო შემადგენლობას თვალს შევავლებთ, ის ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება. ახლა, დიმიტრის იტუდისის განკარგულებაში ერთბაშად 3 კალათბურთელია, რომლებიც სარგებლიანობის მხრივ, გასული სეზონის საუკეთესო ექვსეულში შევიდნენ: მაიკ ჯეიმსი (მე-3), ნიკოლა მილუტინოვი (მე-5) და თორნიკე შენგელია (მე-6). ამას უნდა დავუმატოთ გასული “ოთხთა ფინალის” MVP უილ კლაიბერნი. ვფიქრობ, მომავალ სეზონში ცსკა ევროლიგის მთავარი ფავორიტი იქნება, თუმცა, სავარაუდოა, რომ სხვა გუნდებიც გაძლიერდებიან. მნიშვნელოვანია, რომ შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ბასკონია, სადაც მას ძალიან აფასებდნენ, მაჟორულ ნოტზე დატოვა. ის რომ ცსკა-ში ტიტულის გარეშე გადასულიყო, გულში მაინც ხინჯი დარჩებოდა. ახლა, თორნიკე ახალ გამოწვევას თავაწეული იღებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება. ცსკა-მ ევროპის საუკეთესო 4 ნომერი მიიღო. შენგელია სწორედ ის კალათბურთელია, რომელთან ერთადაც გუნდი ევროლიგის მოსაგებად რეალურად ბრძოლის საშუალებას იღებს”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ესპანურ ბასკონიაში გატარებული 6 წლის შემდეგ, მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შენგელიას რუსული არმიის ცენტრალურ სპორტულ კლუბში გადასვლამ საქართველოში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნის მომხრეა.

კომენტარები

ბოლო ამბები