Thumbnail
  • ქართველმა მორაგბეებმა კარიერა ჩაშლილი სეზონის ფონზე დაასრულეს
  • საფრანგეთში მათთვის გალა-მატჩის ორგანიზებაზე ფიქრობენ

ლეგენდარული ქართველი მორაგბეები მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჩაშლილი სეზონის ფონზე, კარიერის დასრულების შესახებ განცხადებები გააკეთეს, შესაძლოა, მინდორზე ისევ ვიხილოთ.

აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ფრანგულ პრესაში ვრცელდება. საუბარია გამოსათხოვარ მატჩზე, რომელშიც მონაწილეობას სწორედ ვეტერანი მორაგბეები მიიღებენ, ისინი, რომელთაც წასვლა საყოველთაო ლოკდაუნის ფონზე მოუხდათ და ქომაგმა მათთან გამომშვიდობება ვერ მოახერხა.

მატჩის ორგანიზებას საფრანგეთის პროფესიონალ მორაგბეთა კავშირი გეგმავს, განცხადებაში კი პირდაპირაა ნათქვამი, რომ შეხვედრის მთავარი გმირები, პირველ რიგში გორგოძე, ზირაქაშვილი როდრიგო კაპო ორტეგა (კასტრი) და არეც იგუინიზი (ბაიონი) იქნებიან.

ჯერჯერობით, უცნობია, მატჩის მონაწილეთა შერჩევა რა პრინციპით მოხდება. ერთი ვარიანტის თანახმად, შეხვედრაში მონაწილეობას მხოლოდ ის მორაგბეები მიიღებენ, რომელთაც კარიერის დასრულების შესახებ განაცხადეს, თუმცა, შესაძლოა, 1 გუნდი ქომაგების გამოკითხვის შედეგად შერჩეული ვარსკვლავებით დაკომპლექტდეს. თამაშის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ზირაქაშვილი 2004 წელს კლერმონში ჩაირიცხა და მას შემდეგ გუნდისთვის არ უღალატია (332 მატჩი, 19 ლელო), ამდენად, მას “ვულკანების” ერთ-ერთ ლეგენდად სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ. დათოს “ბორჯღალოსანთა” მაისურით 2003, 2007 და 2015 წლების მსოფლიოს თასებზე უთამაშია, 2010 და 2017 წელს კი საფრანგეთის TOP 14-ის ჩემპიონი გახდა (ამასთან, 5 ფინალი აქვს წაგებული).

გორგოძეს 2014 წლიდან მოყოლებული ტულონის მაისურით 110 მატჩი (11 ლელო) აქვს ჩატარებული, მანამდე კი, მონპელიეს (2005-2014) ღირსებას იცავდა: 168 მატჩი, 27 ლელო. მამუკას ბორჯღალოსანთა რიგებში 75 თამაშში 27 ლელო აქვს დადებული და ეს, საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები