Thumbnail

'მადლობა ამისთვის' - მსოფლიო რაგბიმ ქართველების ლელო გაიხსენა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვუბრუნდებით ბრწყინვალე შეტევას, რომელიც ქართველმა ფორვარდებმა შემოგვთავაზეს'
  • იმ მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდია დაამარცხეს და მე-9 ადგილი დაიკავეს

მსოფლიო რაგბიმ სოციალურ ქსელში 2018 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსენა და ქომაგებს საქართველოს ნაკრების ჩინებული ლელოს კიდევ ერთხელ ნახვის შესაძლებლობა მისცა.

“მადლობა ამ მოძრავი მოლისთვის. ვუბრუნდებით ბრწყინვალე ლელოს, რომელიც ქართველმა ფორვარდებმა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შემოგვთავაზეს”, - წერია პოსტში, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნებისა და შოტლანდიის მატჩის ვიდეოს ეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში 2018 წლის 17 ივნისს შედგა და მასში ტურნირის მე-9 ადგილოსნის ვინაობა ირკვეოდა. აღნიშნული ლელო ლუკა ჯაფარიძემ უკვე მე-2 წუთზე დადო, ქართველმა მორაგბეებმა კი 39:31 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 პოზიციის დაკავებით, ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

ქართველი 20-წლამდელები შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ

ცნობისთვის, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები იმ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზეც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. გუნდმა მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან 12:24 წააგო, ბრინჯაოს მედალოსან სამხრეთ აფრიკასთან 27:33 დამარცხდა, ირლანდიას კი 24:20 სძლია. მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში, ქართველებმა შოტლანდიამდე, იაპონელი თანატოლები დაჯაბნეს – 24:22.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიაში იყო დაგეგმილი და 28 ივნისს უნდა დაწყებულიყო (ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ავსტრალია, ახალი ზელანდია და უელსი უნდა ყოფილიყვნენ), თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ტურნირი ჩაშლილად გამოცხადდა.

კომენტარები

ბოლო ამბები