- ვიქტორ სანიკიძემ თოკო შენგელიას ცსკა-ში მოსალოდნელ ტრანსფერზე ისაუბრა
- თავის დროზე სანიკიძე რუსეთში მანუჩარ მარკოიშვილთან ერთად თამაშობდა
- ნაკრების ყოფილი ფორვარდის აზრით, სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს
- შენგელია: იმედია, ცსკა-ში გადასვლის გამო, ჩემდამი დამოკიდებულება არ შეიცვლება
საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტნის თორნიკე შენგელიას მოსალოდნელ ტრანსფერს მოსკოვის ცსკა-ში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საქართველოში გულშემატკივართა საკმაო ნაწილი მიიჩნევს, რომ 28 წლის კალათბურთელისთვის ოკუპანტი ქვეყნის არმიის კლუბში თამაში მიუღებელი უნდა იყოს.
ლამის ყველა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ ამ თემას სტატია მიუძღვნია, მათ შორის "სპორტ ექსპრესმაც". ამავდროულად, გამოცემამ საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელსაც თავის დროზე ყაზანის უნიკს-ში უთამაშია.

"სპორტ ექსპრესი": “2014/15 წლების სეზონში ცსკა-ში ქართველ კალათბურთელს უკვე უთამაშია - მანუჩარ მარკოიშვილს. მაშინ ქართველებს ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ, თავად მანუმ კი "იზვესტიას" უთხრა, რომ მისი ცსკა-ში გადასვლა წინგადადგმული დიდი ნაბიჯი სრულიად ქართული სპორტისთვის იყო. იმავე წელს ყაზანური უნიკს-ის ღირსებას ვიქტორ სანიკიძე იცავდა. შენგელია და სანიკიძე ახლო მეგობრები არიან - ცსკა-ს ახალი ფორვარდი არისის სპორტული დირექტორის ვაჟის ნათლიაა".

- მოსალოდნელი იყო, რომ ზოგიერთ ქართველს ამ ტრანსფერზე მსგავსი რეაქცია ექნებოდა, - უთხრა გამოცემას სანიკიძემ. - რას ვიზამთ? მე და მარკოიშვილიც ვთამაშობდით რუსეთში, მაგრამ მე ყოველთვის ვმიჯნავდი სპორტსა და პოლიტიკას.
თორნიკეს შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს. მას უყვარს თავისი სამშობლო და ნამდვილი პატრიოტია. მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ვერ ერკვევიან სპორტსა და პოლიტიკაში. როგორც ჩანს, მათთვის სასიამოვნოა ვინმეს კრიტიკა, შეურაცხყოფა…

მახარებს მისი ცსკა-ში გადასვლის ამბავი. ის ევროლიგის საუკეთესო ფორვარდია, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ გუნდს შეუერთდა.
ჩვენ საკუთარ საქმეს ვაკეთებდით, ვვარჯიშობდით, ვთამაშობდით. მოედნის გარეთ ან გასახდელში კი არასდროს განვიხილავდით პოლიტიკას. მერწმუნეთ, სასაუბროდ ამის გარეშეც უამრავი თემაა", - ამბობს სანიკიძე.

თორნიკე შენგელია ბასკონიაში 2014 წლიდან თამაშობს და მასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. თოკოს ცსკა-ში ტრანსფერზე ბოლო პერიოდია ბევრი იწერება და გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა გრანდმა უკვე ყველაფერი მოაგვარა.
კომენტარები