- ესპანეთის ნაკრებმა არგენტინა 6:1 გაანადგურა.
- მესის გარეშე ალბისელესტე არაფერს წარმოადგენს.
- ლეომ ამ კოშმარს ვერ გაუძლო და მე-6 გოლის შემდეგ სტადიონი დატოვა.
მარტის ამხანაგურ შეხვედრებში ყველაზე მოულოდნელი და შთამბეჭდავი შედგი ესპანეთისა და არგენტინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში დაფიქსირდა - ესპანელებმა არგენტინელები 6:1 შეარცხვინეს.

ამ მატჩამდე თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ახლა მაინც დარწმუნდებოდა იმაში, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მართალია, არგენტინა ლიონელ მესის გარეშე თამაშობდა, მაგრამ 6:1 მაინც მეტისმეტია.
მიუხედავად ასეთი კატასტრფოული მარცხისა, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი პანიკის საფუძველს ვერ ხედავს: “ამ შეხვედრაში ესპანეთს არ ჰქონდა იმხელა უპირატესობა, რომ 6:1 მოეგო. პირველ ტაიმში, თამაშის ორგანიზების მხრივ, ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. თუმცა, ცხადია, მუნდიალამდე კიდევ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი,” - განაცხადა სამპაოლიმ მატჩის შემდეგ.
აი, ლეო მესის კი აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან გაბრაზდა - როცა ესპანეთმა მე-6 გოლი გაიტანა, ბარსელონას სუპერვარსკვლავმა სტადიონი დატოვა.
მესის გაბრაზება ლოგიკურია. ესპანეთთან მატჩის წინ მან თქვა, რომ მომავალი მუნდიალი მისთვის უკანასკნელი შანსია, გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. და ამ სიტყვების შემდეგ 1:6 ესპანეთთან…
მატჩის შემდეგ სწორედ მესიზე ისაუბრა ესპანელთა თავდამსხმელმა დიეგო კოშტამაც: “არგენტინაში უყვართ მესის გაკრიტიკება, დღეს კი გამოჩნდა, რას წარმოადგენს ეს გუნდი ლეოს გარეშე. არგენტინელებმა უნდა ილოცონ მესიზე, მადლობა უნდა უთხრან, რომ არსებობს!”
ანგარიში სწორედ დიეგო კოშტამ გახსნა (მე-12 წუთზე). მატჩის მთავარი ვარსკვლავი კი ისკო გახლდათ, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. ორი ბურთი იაგო ასპასმა და ალკანტარამ გაიტანეს. არგენტინელთა მხრიდან ერთადერთიო გოლი ნიკოლას ოტამენდის ანგარიშზეა.
კომენტარები