Thumbnail

გია ცეცაძე: მე ხომ ისეთი ბედი მაქვს, რომ რთულად უნდა დავიწყო

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • 45 წლის სპეციალისტი ახლახან ლვოვის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
  • ახალ გუნდში გია ცეცაძის დებიუტი შაბათს, ლვოვის დერბიში შედგება
  • გია ცეცაძე POPSPORT-ს უკრაინულ კლუბსა და მიზნებზე ესაუბრა

გია ცეცაძე იმ იშვიათ სპეციალისტთაგანია, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა შეძლო. სამწუხაროდ, ჩვენში წარმატებად ჯერ-ჯერობით, რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე მხოლოდ გასვლა ითვლება, ისიც - ასაკობრივ ნაკრებთა შორის. 2013 წელს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა თამაშის უფლება გია ცეცაძეს ხელმძღვანელობით მოიპოვა და ამ ტურნირზეც მასთან ერთად იასპარეზა. ორიოდე დღის წინ ცეცაძე უკრაინის პრემიერლიგის კლუბის ლვოვის მთავარი მწვრთნელი გახდა

POPSPORT: პირველ რიგში, გილოცავ კონტრაქტის გაფორმებას. რამდენი ხანი გრძელდებოდა მოლაპარაკებები და რა ვადიანია კონტრაქტი?

გია ცეცაძე: მადლობა. მოლაპარაკებები ხანგრძლივი არ იყო. ჩამოვედი ლვოვში და შევხვდი კლუბის ხელმძღვანელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრების შემდეგ, კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს, რომელიც 2+1 სისტემითაა შედგენილი. ასეთმა მიდგომამ გამახარა. შემოთავაზებიდან გამომდინარე, ნათელი გახდა, რომ კარგი გუნდის გაკეთება სურთ და ისიც ესმით, რომ ამას დრო სჭირდება. 

ნასიამოვნები ვარ, რომ ნდობა გამომიცხადეს. ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების, რომელთა დახმარებითაც ამ საქმის ბოლომდე მიყვანა მოხერხდა. ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ჩემი და მთლიანად ქართული ფეხბურთის პატივისცემაა.

POPSPORT: ლვოვის მდგომარეობა საკმაოდ რთულია - გუნდი პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. ამ ფონზე იყო თუ არა საუბარი სამომავლო გეგმებზეც?

გია ცეცაძე: მართლაც ურთულეს მდგომარეობაში ვართ. დარჩენილ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმი უნდა ავიღოთ. საერთოდ არ განვიხილავ პრემიერლიგიდან გავარდნის ვარიანტს. სეზონი რომ დასრულდება, კიდევ შევხვდები კლუბის ხელმძღვანელობას და მომავალთან დაკავშირებით უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება. ახლა ყველაფერი ერთ ამოცანას, პრემიერლიგაში დარჩენას ემსახურება. 

რთული მდგომარეობის მიუხედავად, პანიკური სიტუაცია არაა. ინფრასტრუქტურულად და პირობების მიხედვით, ყველაზე კარგი გუნდია, სადაც მიმუშავია. უკრაინის პრემიერლიგა ძალიან ძლიერი ჩემპიონატია და თუ საკითხები უმაღლეს დონეზე  გადაწყვეტილი არაა, გუნდი ამ ჩემპიონატში უბრალოდ ვერ ითამაშებს.

ცეცაძე უკრაინული კლუბის პირობებით აღფრთოვანებულია

POPSPORT: გუნდზე პირველი შთაბეჭდილება როგორია?

გია ცეცაძე: საკმაოდ ნორმალური. ჯერ სულ ორი ვარჯიში მქონდა. ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა, მომენტალურად სიახლეების დანერგვა ვერ მოხდება. ისიც უნდა ვთქვა, რომ დადებითი შთაბეჭდილება დიდს არაფერს ნიშნავს. მთავარია, პროგრესი იყოს. არსებობს მოლოდინი, რომ ნელ-ნელა წინ გადადგმული ნაბიჯებიც იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობები გამოკვეთილია. დიდი იმედი მაქვს, რომ მოვახერხებ ჩემი იდეების განხორციელებას, რომლებიც საბოლოო ჯამში წარმატების მომტანი იქნება. ვაცნობიერებ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა, მაგრამ ეს ისაა, რაც მინდოდა და რასაც ვესწრაფვოდი

POPSPORT: უცხოურ გუნდში პირველად მუშაობ. რამდენად რთულია ახალ გარემოსთან ადაპტირება?

გია ცეცაძე: კლუბის ხელმძღვანელებს საქმისადმი ძალიან საღი და სწორი მიდგომა აქვთ. ყველაფერს აკეთებენ, რომ ახალ გარემოში თავი უცხოდ არ ვიგრძნო. თუნდაც ამის გამო მივიჩნევ, რომ კონტრაქტის გაფორმება ჩემი დაფასებაა. უკრაინაში ბევრი საკმაოდ ძლიერი სპეციალისტი მუშაობს, არიან საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები. აქაურ პრემიერლიგას განსაკუთრებულად დახასიათება არ სჭირდება, ისედაც ყველამ იცის, რა დონის ტურნირია. 

ცეცააძე გუნდს ლვოვის დერბისთვის ამზადებს

POPSPORT: ახალ კლუბში პირველი თამაში შაბათს გექნება...

გია ცეცაძე: დერბია კარპატისთან. მე ხომ ისეთი ბედი მაქვს, რომ რთულად უნდა დავიწყო (იცინის). თან მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კარპატის უკანასკნელი თამაში გადაიდო, არადა, მინდოდა მენახა, რა გუნდია. უახლესი ინფორმაცია არ მაქვს. ანალიზი გავუკეთე იმ შეხვედრას, რომელიც სამი თვის წინ, პანდემიამდე ჩაატარეს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფეხბურთი მოვახვიოთ თავს. 

ბოლოს მსურს, მადლობა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემი აქ ყოფნით აქტიურად ინტერესდებიან. მე საქართველოს სამსახურში ვარ და ქართულ ფეხბურთს ვემსახურები. შევეცდები, არავინ გავაწბილო და ჩვენი ფეხბურთის იმიჯი კიდევ უფრო გავზარდო.

კომენტარები

ბოლო ამბები