Thumbnail

'შედეგს სანახაობრივი ფეხბურთით მივაღწევთ' - გია ცეცაძის მიზნები ლვოვში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე, რომელიც სხვადასხვა დროს გორის დილას, სამტრედიასა და საბურთალოს წვრთნიდა, სამუშაოდ უკრაინაში წავიდა. 45 წლის სპეციალისტმა ამ ქვეყნის პრემიერლიგის გუნდი - ლვოვი ჩაიბარა.

ლვოვი ჩემპიონატის ქვედა ექვსეულში, ბოლოსწინა პოზიციაზეა და მხოლოდ ქალაქის მეორე გუნდს, კარპატის უსწრებს. მომავალ ტურში ცეცაძის გუნდს ლვოვის დერბიში უწევს თამაში. 

ცეცაძის ბოლო სამუშაო ადგილი საბურთალო იყო

უკრიანული კლუბის პრესსამსახურმა გია ცეცაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

უკვე გაიცანით გუნდი? როგორია შთაბეჭდილებები?

შთაბეჭდილებები ნორმალურია. ისეთია, როგორსაც ველოდი.

ლვოვს ბოლო მატჩებში არცთუ კარგი შედეგები ჰქონდა. როგორია კლუბში თქვენი მიზნები?

ამ სეზონის დარჩენილ მატჩებში შევეცდებით, რთულ მდგომარეობას თავი დავაღწიოთ. ახლა მთავარია, რომ ამ ხუთი შეხვედრიდან, რომლებიც დაგვრჩა, რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ. თუკი ხუთივეს მოვიგებთ, სუპერი იქნება. მაგრამ მაქსიმალურად მეტში უნდა გავიმარჯვოთ, რათა ღირსეულად დავასრულოთ ეს ჩემპიონატი, შემდგომში კი უკვე მომდევნოსთვის მოვემზადოთ.

მედიის ცნობით, ლვოვმა ცეცაძე ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

როგორ ფეხბურთს თამაშობს თქვენი გუნდი?

შევეცდებით, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაცვის ხაზი გახსნილი გვექნება. თანამედროვე ფეხბურთში ბალანსი მთავარია. იქნება სტრატეგიული მომენტები, რომლებზეც ყურადღებას გავამახვილებთ. ჩვენი გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს, სანახაობრივ ფეხბურთთან ერთად შედეგიც მოდის.

გუნდში ბევრი ბრაზილიელია. გიმუშვიათ გუნდში, სადაც ბრაზილიელებიც იყვნენ. რით განსხვავდება ასეთი სამუშაო?

საქართველოში მიმუშავია ლეგიონერებთან, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საფეხბურთო ენა ყველას ესმის. მთავარია, რომ ერთად დავდგეთ და ის საქმე მოედანზე შევასრულოთ, რომლის შესახებაც ფეხბურთელებთან მოვილაპარაკებთ.

გია ცეცაძე ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძეს ეხმარებოდა

პირველივე მატჩი კარპატისთან დერბი გიწევთ. როგორია მოლოდინი?

სწორად გამიგეთ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვისთან ვითამაშებთ. უკრაინაში პირველად ვარ ადგილობრივი გუნდის მწვრთნელის რანგში, მაგრამ ფეხბურთის მიმართ განსხვავებული მიდგომები მაქვს. რა თქმა უნდა, ლვოვის გულშემატკივრებისთვის ეს დერბია და მას სხვა ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, მაგრამ ჩემი გუნდი ყველა მატჩში გამარჯვებისთვის უნდა გადიოდეს. მნიშვნელობა არ აქვს, მეტოქე ვინ იქნება. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველას დამარცხება გვსურს.

კომენტარები

ბოლო ამბები