Thumbnail
  • ენდი მარიმ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ამცნო
  • ბრიტანელი აშშ-ის და საფრანგეთის ღია პირველობებზე ითამაშებს

ტრავმების ისტორიის და კორონაკრიზის მიუხედავად, დიდი სლემის ტურნირების სამგზის გამარჯვებული ენდი მარი აშშ-ისა და საფრანგეთის ღია პირველობებზე მონაწილეობას გეგმავს.

“დიდი სლემის ტურნირებზე მონაწილეობა ჩემთვის პრიორიტეტულია. მართალია, კალენდრის თვალსაზრისით რთული ვითარებაა, მაგრამ კარგად მესმის, რატომაც არის ასე,” - განაცხადა 33 წლის ბრიტანელმა. როგორც იცით, აშშ-ის ღია პირველობა 31 აგვისტოს იწყება, 27 სექტემბერს კი საფრანგეთის ღია პირველობა უნდა დაიწყოს.

ბოლო დიდი სლემი, რომელზეც ენდი მარიმ ითამაშა, 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობა გახლდათ. ბრიტანელის თქმით, მისთვის სულერთია, როგორ სიტუაციაში მოუწევს თამაში - მთავარია, ჩოგბურთელებისა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მარი ცარიელი ტრიბუნების ფონითაც ითამაშებს.

ენდი მარიმ ამერიკის ღია პირველობა 2012 წელს მოიგო. ფინალში მან ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა 

“თუ მეტყვიან, რომ ტურნირზე მხოლოდ ერთი ადამიანის წაყვანა შემიძლია, ალბათ ფიზიო-მწვრთნელს წავიყვან. მწვრთნელს დისტანციურადაც შეუძლია დახმარება,” - დასძინა ენდი მარიმ.

სამშაბათიდან მარი Schroders Battle of the Brits-ში ჩაერთვება, რომელიც მისი ძმის, ჯეიმი მარის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ტურნირია, რომელზე შეგროვებული თანხაც ბრიტანეთის ჯანმრთელობის სერვისს (NHS) გადაერიცხება. ტურნირი 23 ივნისს იწყება და 28 ივნისამდე გასტანს.

კომენტარები

ბოლო ამბები