Thumbnail

ვეტერან ქართველ მორაგბე დავით ზირაქაშვილს, რომელმაც მცირე ხნის წინ, კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, საფრანგეთის TOP 14-ის მიმდინარე სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრამდე ძალიან ცოტა დააკლდა. გამოკითხვა Dicodusport-მა ჩაატარა და 36 წლის ზირაქაშვილი მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე პირველობისთვის ბოლომდე იბრძოდა, თუმცა, კონკურენტს მხოლოდ 1%-ით ჩამორჩა.

გულშემატკივრებმა 3 ნომრის რანგში საუკეთესოდ მონპელიესა და საფრანგეთის ნაკრების ბურჯი მოჰამედ აუასი აღიარეს, რომელმაც 22% მიიღო, ქართული რაგბის ლეგენდას კი 21% ერგო. მიმდინარე სეზონში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაადრევად შეწყდა, დავითმა კლერმონელთა მაისურით 12 მატჩის ჩატარება მოასწრო და საერთო ჯამში, მინდორზე 590 წუთი გაატარა.

მარცხენა ბურჯის პოზიციაზე სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი მიხეილ ნარიაშვილსა (მონპელიე) და გიორგი თეთრაშვილს (აჟენი) ჰქონდათ, თუმცა, ისინი ქომაგთა რჩეულ კლემენტ კასტეტსს (ტულუზა, 26%) საგრძნობლად ჩამორჩნენ. ნარიაშვილი 7%-ით მე-4 ადგილზე გავიდა, თეთრაშვილი კი 3%-ით – მე-11-ზე.

შეგახსენებთ, რომ ზირაქაშვილი კლერმონში 2004 წელს ჩაირიცხა და მას შემდეგ გუნდისთვის არ უღალატია (332 მატჩი, 19 ლელო), ამდენად, მას “ვულკანების” ერთ-ერთ ლეგენდად სრულიად სამართლიანად მიიჩნევენ. დავითი 2010 და 2017 წელს საფრანგეთის TOP 14-ის ჩემპიონი გახდა (ამასთან, 5 ფინალი აქვს წაგებული), “ბორჯღალოსანთა” მაისურით კი, 2003, 2007 და 2015 წლების მსოფლიოს თასებზე უთამაშია. 53 სანაკრებო მატჩში მას 8 ლელო აქვს დადებული.

TOP 14-ის სიმბოლური ნაკრები, 2019-2020

1. კასტეტსი (ტულუზა), 2. მარშანი (ტულუზა), 3. აუასი (მონპელიე), 4. იედრასიაკი (კლერმონი), 5. რებაჯი (ტულონი), 6. მაკალოუ (სტად ფრანსე), 7. ელსტადტი (ტულუზა), 8. ვიტო (სტად როშელი), 9. ბეზი (ტულუზა), 10. ჟალიბერი (ბორდო), 11. კორდერო (ბორდო), 12. ვინსენტი (მონპელიე), 13. რადრადრა (ბორდო), 14. რეტიე (სტად როშელი), 15. ბუტიე (მონპელიე).

კომენტარები

ბოლო ამბები