- თორნიკეს ცსკა-სთან შესაძლო გადასვლა დღის მთავარი საკალათბურთო თემაა
- შენგელია ცსკა-ს შეუთანხმდა? საუბარია 3-წლიან კონტრაქტზე
28 წლის თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, რომელსაც ცნობილი საკალათბურთო ინსაიდერი ნიკოს ვარლასი ავრცელებს. აი, რას წერს ბერძენი ჟურნალისტი:
“ცსკა-სა და ბასკონიას გამოსასყიდი თანხის თაობაზე საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა, აქტიური მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და მხარეები გარიგებასთან ძალიან ახლოს არიან. თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, თორნიკე შენგელია მოსკოვურ კლუბთან 3-წლიან სარგებლიან კონტრაქტს გააფორმებს”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერის რუსულ გრანდში გადასვლის თაობაზე დღეს ბერძნულმა სააგენტო Sdna.gr-მ დაწერა. ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა მოლაპარაკებების დროს დიდ პროგრესს მიაღწიეს და წესით, ტრანსფერს წინ აღარაფერი უნდა დაუდგეს.
შენგელია ბასკონიას ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება. მიმდინარე სეზონში ის ევროლიგაში საშუალოდ 15.9 ქულას, 5.6 მოხსნასა და 2.9 პასს აგროვებს, ესპანეთის ლიგა ენდესაში კი – 16.6 ქულას, 6.3 მოხსნასა და 2.7 პასს. ქართველი კალათბურთელი ამჟამად ბასკონიასთან ერთად ვალენსიაში იმყოფება, სადაც 17 ივნისიდან ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი იწყება.
კომენტარები