Thumbnail

საქართველომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ ერთხელ უმასპინძლოს. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქ-ჩართვისას ისაუბრა.

“ტიერ 2-ის ქვეყნის ნაკრებს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზედიზედ 5-ჯერ არასდროს უთამაშია. მეტსაც გეტყვით, საქართველო არცერთ ტურნირზე არ ყოფილა მაჩანჩალა. მსოფლიო რაგბი გვთავაზობს, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ჩემპიონატს, როგორც ეს 2017 წელს იყო. 20-წლამდელთა ნაკრებში ყველა თავის საქმეს აკეთებს და იმიტომაა წარმატებული. ჩვენ მათ ვეხმარებით მაღალი დონის თამაშებისა და ტურნირების ორგანიზებაში. თუ არის შანსი, რომ საქართველოში ჩამოვიდეს რომელიმე ქვეყნის კლუბი ან ნაკრები, უკან არასდროს ვიხევთ. ეს დამატებით ხარჯს იწვევს, რაც დეფიციტს წარმოქმნის, თუმცა ამ მხრივ ყველაფერი დალაგდება. მიუხედავად იმისა, გათალისწინებული გვაქვს თუ არა ხარჯი ბიუჯეტში, როდესაც საქმე ახალგაზრდულ ნაკრებებს ეხება, გამოწვევაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ბიჭებს უნდა მიეცეთ მეტი თამაშის შესაძლებლობა და აქ ფინანსები მეორეხარისხოვანია“.

სვანიძემ კომენტარი 7-კაცა ნაკრების თაობაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს გუნდი კონკრეტულად მოშვიდკაცე მორაგბეებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.

“ამჟამად, შედეგებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი წლის წინ ბიჭებმა სამხრეთ აფრიკასა და კენიაში გამართულ კერძო ტურნირებში სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. მათ იქ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები დაამარცხეს. მინდა განვმარტო, რომ ადრე 7-კაცა ნაკრები ეროვნული ნაკრების მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული და თავისთავად, ხარისხიც უკეთესი იყო, მაგრამ 15-კაცას თავისი მიზნები აქვს და შესაბამისად, 7-კაცა სტაბილური შემადგენლობის გარეშე რჩებოდა. შედეგად, შეიძლებოდა დაგვემარცხებინა ინგლისი და ერთი კვირის შემდეგ წაგვეგო პოლონეთთან. ეს ორი განსხვავებული თამაშია და გუნდებს განსხვავებული შემადგენლობები უნდა ჰყავდეთ, შესაბამისი მომზადებითა და სპეციალურად 7-კაცასთვის დაკონტრაქტებული მოთამაშეებით. ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. შესაძლოა, თავიდან შედარებით დაბალი ხარისხი გვქონდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოიტანს იმ შედეგს, რასაც გულშემატკივარი ელოდება”.

კომენტარები

ბოლო ამბები