Thumbnail
  • წარსულში ცნობილმა ბულგარელმა ფორვარდმა თავისი ნატვრა გაამხილა
  • 54 წლის სტოიჩკოვს სურს, მესი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით იხილოს
  • არგენტინელს მუნდიალის მოგების შანსი 2022 წელს ექნება 

ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა ხრისტო სტოიჩკოვმა კატალონიური კლუბის ამჟამინდელ ფორვარდზე ლიონელ მესიზე ისაუბრა. 54 წელს მიღწეული ბულგარელი, რომელიც ბარსელონას ღირსებას 1990-95 და 1996-97 წლებში იცავდა, აცხადებს, რომ უპრობლემოდ დათმობდა თავის "ოქროს ბუცს", ოღონდ კი ლეომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეძლოს.

ბულგარეთის ნაკრების თავდამსმელმა 1994 წელს ოქროს ბურთიც მოიგო

"იმისთვის, რათა ლეო რომ ბედნიერი ვიხილო და აღარ შფოთავდეს ის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის უქონლობის გამო, მზად ვარ ის "ოქროს ბუცი" დავთმო, რომელიც მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე მომაკუთვნეს.

მესი ლეგენდაა. იმას, რასაც ის ბარსელონაში აკეთებს, ვერავინ გაიმეორებს. არ მგონია, რომ მისნაირი მოთამაშე კიდევ არსებობს. იქიდან მოყოლებული, რაც ის 12-13 წლის წინ ვნახე, დღემდე მაოცებს. ეს ეხება არამხოლოდ მის სათამაშო უნარებს, ასევე - პიროვნულს. ის ყოველთვის ეხმარება მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება", - აქვეყნებს სტოიჩკოვის სიტყვებს ესპანური მედია.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ევროპის ტოპჩემპიონატებიდან სეზონი პირველმა გერმანიის ბუნდესლიგამ განაახლა. პირველი მატჩები უკვე ჩატარდა ესპანურ ლა ლიგაშიც. ბარსელონა სეზონს მალიორკასთან სტუმრად გასამართი მატჩით განაახლებს. 

ხრისტო სტოიჩკოვმა ბულგარეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე ½-ფინალში გააღწია. თავად თავდამსხმელმა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა (რუს ოლეგ სალენკოსთან ერთად).

ლიონელ მესი ბარსელონას ღირსებას 2003 წლიდან იცავს. 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელია.

კომენტარები

ბოლო ამბები