Thumbnail

'ამის დიზაინერი უჰანში უნდა გაუშვა' - მანჩესტერ სიტის ახალ ფორმას დასცინეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

მანჩესტერ სიტის ფორმის ახალი კომპლექტი, რომელიც გუნდმა მომავალ სეზონში უნდა გამოიყენოს, სოციალურ ქსელში გულშემატკივრის კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი უკვე გახდა. ფანების უკმაყოფილება ფორმის დიზაინმა გამოიწვია, რომელიც არაოფიციალურად გამოქვეყნდა.

"ვინც არ უნდა იყოს მანჩესტერ სიტის ახალი კომპლექტის დიზაინზე პასუხისმგებელი, პირველივე რეისით უჰანში უნდა გაუშვა, ხოლო ის, ვინც ამ ფორმას შეიძენს, მომდევნო რეისით უკან უნდა მიაყოლო", - დაწერა მანჩესტერ სიტის ცნობილმა გულშემატკივარმა ლიამ გალაგერმა სოციალურ ქსელში. ბრიტანელმა მუსიკოსმა, რომელმაც სახელი ჯგუფ Oasis-ში გამოსვლით გაითქვა, მოგვიანებით პოსტი წაშალა. 

ლიამ გალაგერი მანჩესტეტ სიტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფანია

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიამ პირველად სწორედ ჩინეთის ქალაქ უჰანში, გასული წლის მიწურულს იფეთქა.

რაც შეეხება მანჩესტერ სიტის ახალ ფორმას, მისი პირველი კომპლექტი ცისფერი უნდა იყოს, მეორე - მუქი ლურჯი, მესამე კი - ნათელი ტონებითა და არაერთგვაროვანი ფიგურებით. კამათი სწორედ ფორმის მესამე კომპლექტმა გამოიწვია. სავარაუდოდ, მანჩესტერ სიტი ფორმის ახალ კომპლექტებს ოფიციალურად მოგვიანებით, ივლის-აგვისტოში წარმოადგენს.

ინგლისის პრემიერლიგაში პაუზამდე ჩატარებული 28 მატჩის შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერ ლივერპულს 25 ქულით ჩამორჩება. სიტი სეზონს 17 ივნისს, ლონდონის არსენალთან საშინაო შეხვედრით განაახლებს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ევროპის ტოპჩემპიონატებიდან სეზონი პირველმა გერმანიის ბუნდესლიგამ განაახლა. პირველი მატჩები უკვე ჩატარდა ესპანურ ლა ლიგაშიც. 

კომენტარები

ბოლო ამბები