Thumbnail
  • ოფიციალურად: დენ კარტერი ოკლენდის ბლუზის მორაგბეა
  • მსოფლიო რაგბის ლეგენდა კვირაში მხოლოდ $1 800-ს მიიღებს 

ოფიციალურად: მსოფლიო რაგბის ლეგენდა დენ კარტერი სუპერ რაგბიში დაბრუნდა - ის ახალზელანდიური ოკლენდის ბლუზის მოთამაშე გახდა...

სუპერ რაგბის წლევანდელი სეზონი მომავალი კვირიდან იწყება. სავარაუდოდ, 38 წლის კარტერი ახალზელანდიელთა ახალი ვარსკვლავის, ბოდენ ბარეტის შემცვლელი იქნება, თუმცა კარტერს ფულბეკის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

პირველი ვარჯიში ბლუზის რიგებში

დენ კარტერი: "რამდენიმე თვეა რაგბი არ მითამაშია, ასე რომ, გარკვეული დრო დამჭირდება, რომ თამაშისთვის მზად ვიყო. ორი რამ, რასაც კორონავირუსის პანდემიის გამო, მივხვდი: ოჯახთან ერთად დროის გატარება ძალიან მაგარი ყოფილა და რაგბი ძალიან მომენატრა.

ლეონ მაკდონალდი (ბლუზის მწვრთნელი): "დენისთვის ფულს მნიშვნელობა არ აქვს. ის აქ იმისთვის არის, რომ სპორტის ამ სახეობას კიდევ ერთხელ ემსახუროს. დენი აქედან რამდენიმე წუთის სავალზე ცხოვრობს, ეს კი მისთვის ბრწყინვალე ვარიანტია. 

ჩვენ ორი შესანიშნავი ათი ნომერი გვყავს, ბოდენ ბარეტი და ოტერე ბლექი. დენი მათ დაეხმარება, ისევე, როგორც გუნდის სხვა ახალგაზრდებს. როგორც კი სათამაშო ფორმას დაიბრუნებს, შესაძლო მოედანზეც დაგვეხმაროს, შუახაზში ან ფულბეკის პოზიციაზე". 

დენ კარტერის ხელფასი

გამართლდა მედიაში გამოთქმული ვარაუდი - დენ კარტერმა სუპერ რაგბიში გვიან შემატებულ მოთამაშეთა სტანდარტულ კონტრაქტს მოაწერა ხელი - ის კვირაში 1 800 დოლარს მიიღებს, 10-კვირიანი ტურნირისთვის ეს 18 ათასი დოლარია. დენ კარტერს ბოლო 18 თვის განმავლობაში მხოლოდ 6 მატჩი აქვს ნათამაშები (იაპონურ კობეში). 

დანიელ უილიამ კარტერი კრაისტჩერჩიდან 30 კილომეტრში დაიბადა. მას კენტერბერიში, კრუზეიდერსში, პერპინიონში, რასინგსა და კობეში უთამაშია. ახალი ზელანდიის ნაკრებში 112 კეპი მოიპოვა და 1 598 ქულა (მსოფლიოს რეკორდი) დააგროვა. დენ კარტერი სამჯერ გახდა პლანეტის წლის საუკეთესო მორაგბე, ორჯერ მოიგო მსოფლიო თასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები