Thumbnail

'ის ლოკომოტივის მომავალი იყო' - სიომინს ხვიჩა კვარაცხელიაზე გული აქამდე წყდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილ მწვრთნელს ხვიჩას ტრანსფერზე გული აქამდე წყდება
  • ცნობილ სპეციალისტს ქართველ ნახევარმცველთან დაკავშირებით დიდი გეგმები ჰქონდა
  • იური სიომინის აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვით კლუბმა ძალიან იზარალა

მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა, რომელიც კლუბს ამ გაზაფხულზე დაემშვიდობა, იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით თავის დროზე ჰქონდა.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის ლოკომოტივში 2019 წლის ზამთარში, 6-თვიანი იჯარით აღმოჩნდა და სიომინის ყურადღება თავიდანვე დაიმსახურა. ხვიჩამ საბა კვერკველიასთან ერთად რუსეთის ჩემპიონატის 7 მატჩში ითამაშა და 1 გოლიც გაიტანა, მწვრთნელს კი მისი შენარჩუნება სურდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ 2019 წლის ზაფხულში კვარაცხელია მოულოდნელად რუბინში აღმოჩნდა.

იური სიომინი ქართველი ფეხბურთელებისადმი თავისი თბილი დამოკიდებულებით ცნობილია

დღეს იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას დაკარგვაში ლოკომოტივის ხელმძღვანელობას ადანაშაულებს.

"აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. ის ლოკომოტივის მომავალი იყო! ვვარაუდობდი, რომ ალეკსეი მირანჩუკი წავიდოდა და მის ადგილზე მაშინვე ხვიჩა ითამაშებდა.

ის საკმაო ხანს იყო ჩვენთან იჯარით და მის შესაძლებლობებში 100 პროცენტით ვიყავით დარწმუნებული. ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებმაც მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს, ლოკომოტივს დიდი ზარალი მიაყენეს - სპორტულიც და ფინანსურიც.

დავკარგეთ არცთუ ძვირი ფეხბურთელი, რომელიც ალეკსეის წასვლის შემთხვევაში, უმტკივნეულოდ შეეწყობოდა ჩვენს თამაშს, ხოლო დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირდებოდა", - ამბობს ცნობილი რუსი სპეციალისტი "სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლოკომოტივში 6 თვე საბა კვერკველიასთან ერთად გაატარა

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის რუბინში, სადაც ის თანატოლ ზურიკო დავითაშვილთან ერთად გამოდის, ყველა ტურნირის 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. ამჟამად ნახევარმცველი სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები