Thumbnail
  • შოტლანდიელებმა ადგილების განაწილებისას ნოვაციური მეთოდით ისარგებლეს
  • ნილ ლენონის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-9 ტიტული მოიპოვა

შოტლანდიის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ ქვეყნის ჩემპიონატის ნაადრევად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ნათელია – მსოფლიოს მოდებული კორონავირუსი, რომელმაც არაერთი სპორტული ღონისძიება იმსხვერპლა.

საინტერესოა, რომ შოტლანდიელებმა ადგილების განაწილების დროს ნოვაციური მიდგომა გამოიყენეს და ვინაიდან გუნდებს სხვადასხვა რაოდენობის მატჩები ჰქონდათ ჩატარებული, ორიენტირად თამაშში საშუალოდ აღებული ქულები აიღეს, მარტივად რომ ვთქვათ, ქულების რაოდენობა ჩატარებულ შეხვედრებზე გაიყო და საჭირო კოეფიციენტი ასე იქნა გამოყვანილი.

ამის გარეშეც ცხადი იყო, რომ ოქროს მედლებს ვერავინ შეეცილებოდა გლაზგოს სელტიკს, რომელსაც ჩემპიონატის შეწყვეტამდე, 30 მატჩში 80 ქულა ჰქონდა და თანაქალაქელ რეინჯერსს 13 ქულით უსწრებდა. აღსანიშნავია, რომ ნილ ლენონის მიერ დარიგებულმა გუნდმა შოტლანდიის ჩემპიონობა ზედიზედ მეცხრედ იზეიმა.

სტივენ ჯერარდის რეინჯერსმა მე-2 ადგილი დაიკავა, მე-3 პოზიცია მოზერუელს ერგო, უმაღლესი დივიზიონიდან კი სახელოვანი ჰართსი გავარდა.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია პირველი ევროპული ქვეყანა არაა, სადაც ვირუსის გამო, სეზონის ნაადრევად დასრულება არჩიეს. აქამდე, მსგავსი ნაბიჯი საფრანგეთმა, ჰოლანდიამ, ბელგიამ და სხვებმა გადადგეს.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 243 695-ს აღწევს, 34 636 ადამიანი კი გარდაიცვალა. მსოფლიო მასშტაბით, დაავადებული უკვე 4 833 333 ადამიანია, ხოლო 317 223 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები