Thumbnail
  • 20 წლის კაი ჰავერტცს რამდენიმე გრანდი აკვირდება
  • ბალაკის აზრით, მას განვითარება ბაიერშიც შეუძლია

ბაიერ ლევერკუზენის ფეხბურთელი კაი ჰავერტცი ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდაა. 20 წლის მოთამაშეს უკვე აკვირდებიან გრანდები და მომავალ ზაფხულს მის დამატებას ბევრი შეეცდება.

გერმანელი ფეხბურთელის შეძენა პრემიერლიგის სამ გუნდს სურს. მანჩესტერ იუნაიტედი, ლონდონის ჩელსი და ლივერპული - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც ნახევარმცველს აკვირდებიან და ამ ზაფხულს მის დამატებას შეეცდებიან.

ლონდონის ჩელსის ყოფილმა ფეხბურთელმა მიხაელ ბალაკმა თანამემამულეს ურჩია, რომ იგი არსად არ წავიდეს და კარიერა ისევ ლევერკუზენში გააგრძელოს, რადგან იქ კარგი პირობებია იმისთვის, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.

"მსგავსი ხარისხის მოთამაშეებზე მოთხოვნა ყოველთვის არის, თუმცა ვფიქრობ, რომ იგი ლევერკუზენში კარგ ხელშია. იქ ახალგაზრდა გამორჩეული მოთამაშეებისთვის და მათი განვითარებისთვის შესანიშნავი პირობებია. რა თქმა უნდა, ისეთმა მოთამაშემ, როგორიც კაი ჰავერტცია, ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოს, ამიტომ ლევერკუზენისთვის მნიშვნელოვანი იქნება იქ მოხვედრა", - განუცხადა 43 წლის ბალაკმა Bild-ს.

ჰავერტცს ბაიერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ფეხბურთელს 2019/20 წლების ბუნდესლიგის 22 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც თავი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.  

კომენტარები

ბოლო ამბები