- Marca-ს ინფორმაციით, წელს The Best FIFA Football Awards არ გაიმართება
- კითხვის ნიშნის ქვეშაა ოქროს ბუცისა და ოქროს ბურთის მფლობელთა ბედიც
- 🛑 LIVE | სპორტი და კორონავირუსი - ყველა ახალი ამბავი ერთად
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყვიტა, რომ წელს დაჯილდოების ცერემონია The Best FIFA Football Awards არ გაიმართება. ამის შესახებ Marca იუწყება.
ღონისძიება მილანში, სექტემბერში უნდა გამართულიყო, გამოცემის ცნობით კი, წელს ფიფას ჯილდოები ლაურეატების გარეშე დარჩება.

როგორც ირკვევა, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "ოქროს ბუცის" ბედიც, რომელსაც უეფა თავისი წევრი ქვეყნების ეროვნული ლიგების საუკეთესო ბომბარდირს ანიჭებს. იგივე ემუქრება "ოქროს ბურთსაც", რომელსაც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს ჟურნალი France Football გადასცემს. თუმცა, გამოცემას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ შარშან ფიფამ წლის საუკეთესო მოთამაშედ ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი დაასახელა, რომელმაც პრიზისთვის ბრძოლაში ვირჯილ ვან დაიკს (ლივერპული) და კრიშტიანო რონალდოს (ტურინის იუვენტუსი) აჯობა. არგენტინელმა ვარსკვლავმა ასევე მოიგო "ოქროს ბურთი" და "ოქროს ბუცი".

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, მსოფლიოში საფეხბურთო ჩემპიონატების უმეტესობა შეჩერებულია. ბოლო მონაცემებით, COVID 19-ით 4,3 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა, 293 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
კომენტარები