Thumbnail
  • პრემიერლიგაში 160-ზე მეტ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ფეხბურთელს უთამაშია
  • Sportbox-მა ჩამოთვლილთა გარდა, კიდევ არაერთი ქართველი ლეგიონერი გაიხსენა

ვებ-გვერდმა Sportbox რუსულ პრემიერლიგაში ისტორიის განმავლობაში მოთამაშე ამიერკავკასიელი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც 4 ქართველი მოხვდა: მალხაზ ასათიანი, სოლომონ კვერკველია, ზაზა ჯანაშია (ყველა – ლოკომოტივი) და გიორგი ქინქლაძე (რუბინი).

რუსულ პრემიერლიგაში, საერთო ჯამში, 160-ზე მეტ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ფეხბურთელს უთამაშია, ამდენად, რუსულ საიტს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწია. ცხადია, სიმბოლური გუნდის შედგენა მეკარიდან დაიწყო და მართალია, საბოლოოდ, არჩევანი სომეხ რომან ბერეზოვსკიზე შეჩერდა, ჩვენებურები აქაც ფიგურირებდნენ.

“ბერეზოვსკის საქართველოდან ძალიან ღირსეული კონკურენტები ჰყავდა. მხოლოდ ნუკრი რევიშვილი რად ღირს, რომელიც იმ ანჟიში თამაშობდა, სადაც მისი პარტნიორები სამუელ ეტო’ო, რობერტო კარლოსი და ბუსუფა იყვნენ. რუსულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს გიორგი ლორიამ (კრილია სოვეტოვი), გიორგი ლომაიამა (სპარტაკი, ხიმკი) და იოსებ გრიშიკაშვილმა”.

დაცვაში განაპირა მცველების ადგილები სომხებს სარკის ოვსეპიანსა და კარენ დოჰოიანს ერგოთ, ცენტრალური ზონა კი სრულად ქართველებმა დაიკავეს: მალხაზ ასათიანი ლოკომოტივში 2003-2010 წლებში თამაშობდა, სოლომონ კვერკველია კი, ახლაც მოსკოვურ გუნდში ირჯება. აი, რას წერს აღნიშნული საიტი მათ შესახებ:

“ასათიანმა რკინიგზელთა კლუბს 7 წელი დაუთმო და იმ პერიოდში 162 მატჩი ჩაატარა, ამასთან, რუსეთში ფაქტობრივად ყველა საკლუბო ტურნირი მოიგო. მისი უმცროსი კოლეგა ლოკომოტივში 2017 წელს გამოჩნდა და თანამემამულის წარმატებები უკვე სამ წელში გაიმეორა. საინტერესოა, რომ როგორც ასათიანს, ასევე კვერკველას საქართველოს ნაკრებში 36-36 მატჩი აქვთ ჩატარებული და თუკი მალხაზის აქტივში 4 გოლია, სოლომონს ჯერ თავი არ გამოუჩენია. რითი სჯობიან ისინი სხვებს? ორივე ათლეტურია, თითქმის უზადონი არიან საჰაერო თუ სხვადასხვა ორთაბრძოლებში და სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირთ.

სხვათა შორის, ასათიანი კარიერის დასრულების შემდეგ მოსკოვიდან წასვლას არც აპირებდა, თუმცა, როდესაც აქ შესაბამისი წინადადება ვერ მიიღო, სამშობლოში დაბრუნდა. ახლა, ის 38 წლისაა და ქუთაისში მცირე ბიზნესი აქვს. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვარიანტები კიდევ იყო და საუბარი ისევ ქართველებზე გვაქვს. პირველ რიგში, კახაბერ ცხადაძე (სპარტაკი, დინამო, ალანია, ანჟი) და ალექსანდრე ამისულაშვილი (შინიკი, სპარტაკი ნალჩიკი, კრასნოდარი, კრილია სოვეტოვი) გვახსენდება”.

სოლომონ კვერკველია ლოკომოტივში 2017 წლიდან თამაშობს

ნახევარდაცვაში ამიერკავკასიის ქვეყნებზე ადგილები თანაბრად განაწილდა. რუსულმა გამოცემა ფლანგებზე არაზ ოზბილიზი (სომხეთი) და ნარვიკ სირხაევი (აზერბაიჯანი) განამწესა, ცენტრში კი გიორგი ქინქლაძე დაასახელა.

“ქართველი ფეხბურთელი, რომელიც რუბინის ღირსებას იცავდა, უზადო ტექნიკით, დრიბლინგითა და რაც მთავარია, ჭკვიანური თამაშით დაგვამახსოვრდა. გიორგი ქინქლაძის ამ თვისებებს კარგად აფასებდნენ მანჩესტერ სიტიში, სადაც მან ასზე მეტი მატჩი ჩაატარა. მართალია, ის ყაზანში უკვე კარიერის მიწურულს ირჯებოდა და ტრავმების ხელს უშლიდა, გიორგის უდიდესი პოტენციალია მაინც სჩანდა. “ვინ არის ჩემთვის უდიდესი ქართველი ფეხბურთელი? ყიფიანი და ქინქლაძე”, - ნათქვამი აქვს თავის დროზე ჯანო ანანიძეს.

ქინქლაძემ კარიერა 2006 წელს დაასრულა და ალანიას კიდევ ერთ ფეხბურთელ გიორგი გახოკიძესთან ერთად, საფეხბურთო აგენტობით იყო დაკავებული. ახლა, 46 წლის ქართველი სამშობლოშია, თუმცა კი, სახლები აქვს მოსკოვის სიახლოვესა და მანჩესტერშიც, სადაც მას დღემდე აფასებენ. გასულ წელს, გიომ მანჩესტერიდან შვიდ კილომეტრში, დიდსბერიში ღვინის ბარი გახსნა სახელწოდებით “ქინქი”. იქ წითელი და თეთრი ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ და საფირმო ჭაჭასაც დაგალევინებენ. ისინი მისი საკუთარ ვენახებში იწარმოება.

ნახევარდაცვის ცენტრში უფრო დაცვითი ყაიდის ფეხბურთელი რომ შეგვეყვანა, ამ შემთხვევაშიც ქართველს ავირჩევდით. საუბარია ტულის არსენალის წევრ გია გრიგალავაზე, რომელსაც ლამის ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია და ნამდვილი უნივერსალია. გიას გარემოს გამოცვლაც არ უჭირს, რადგანაც რუსეთში უკვე 8 კლუბში უთამაშია”.

გიორგი ქინქლაძე რუბინის მაისურით კარიერის მიწურულს ასპარეზობდა

Sportbox-ს ბალანსი არც სამკაციანი შემტევი ზოლის შექმნისას დაურღვევია. ამ პოზიციაზე სიმბოლურ ნაკრებში ზაზა ჯანაშია, იურა მოვსესიანი (სომხეთი) და ნაზიმ სულეიმანოვი (აზერბაიჯანი) მოხვდნენ.

“ჯანაშია 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ლოკომოტივსა და იური სიომინს, რომელმაც ის სამტრედიადან წაიყვანა. შესაძლოა, ზაზა საოცარი შედეგიანობით არ გამოირჩეოდა (52 გოლი 194 მატჩში), თუმცა, ის კომპანიის სული და გული იყო და მაშინდელ ლოკომოტივთანაც ასოცირდებოდა. ალბათ, ბევრს დღესაც ახსოვს ის საფირმო მალაყები, რომელთაც ჯანაშია გოლის გატანის შემდეგ ასრულებდა. ზაზამ რუსეთში ოქროს მედლის მოპოვება ვერ მოახერხა, თუმცა, 3-ჯერ იყო ვერცხლის პრიზიორი და 4-ჯერ თასი დაისაკუთრა.

ახლა, 44 წლის ჯანაშია მშობლიურ ზუგდიდში ცხოვრობს და 2 წლის წინ ადგილობრივი კლუბის აქციებიც შეისყიდა, სადაც ის კარიერას 1991 წელს იწყებდა. ამით, მან ზუგდიდი გაკოტრებას გადაარჩინა. “ლოკომოტივში დარჩენის საშუალება ნამდვილად მაქვს. სიომინი მწვრთნელობასაც მთავაზობდა, თუმცა, 3 ბიჭი მყავს და პირველ რიგში, ოჯახის გამო, საქართველოში დაბრუნება ვარჩიე. მინდა, შვილები მშობლიურ მიწაზე, ქართული წესითა და ტრადიციებით აღვზარდო”, - ნათქვამი აქვს ჯანაშიას.

თუკი ფორვარდებზე მიდგა საქმე, ქართველებს სხვა ღირსეული წარმომადგენლებიც ჰყავდათ: მიხეილ აშვეთია (ალანია, ლოკომოტივი, როსტოვი, რუბინი), გიორგი დემეტრაძე (ლოკომოტივი, ალანია) და გოჩა გოგრიჭიანი (ჟემჩუჟინა)”.

 

კომენტარები

ბოლო ამბები