Thumbnail

'ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდება' - ტოტის ფავორიტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომას ლეგენდამ თავის ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელზე ისაუბრა და ის 19 წლისაა
  • ტოტი ერთადერთი არაა, ვინც სანდრო ტონალის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს

რომას და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ ინსტაგრამში პირდაპირ ეთერის დროს ბრეშიას 19 წლის ნახევარმცველზე სანდრო ტონალიზე ისაუბრა. “ჯალოროსის” ლეგენდის თქმით, ტონალი ერთ-ერთი მისი უსაყვარლესი ფეხბურთელია და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

"ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა. ვცდილობდი მისი რომაში გადასვლა, რაც შეიძლება სწრაფად განმეხორციელებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხე. 

არაფერს დავიშურებდი ტონალის ხელში ჩასაგდებად. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდება. მას ყველა საჭირო თვისება აქვს იმისთვის, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს: აქვს კარგი ტექნიკა და აზროვნება, ძლიერია ნებისმიერ სიტუაციაში", - აქვეყნებს ფრანჩესკო ტოტის ნათქვამს იტალიური მედია.

ფრანჩესკო ტოტის შეფასება ცოტას არ ნიშნავს

ტოტი არაა პირველი, ვინც ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელში დიდ პოტენციალს ხედავს. ცოტა ხნის წინ იწერებოდა, რომ ტონალით თვით ბარსელონაც ინტერესდებოდა, თუმცა კატალონიელებმა მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს გაღებისგან თავი მაინც შეიკავეს.

სანდრო ტონალი ბრეშიას აღზრდილია, მის მთავარ გუნდში დებიუტი კი 2017 წელს ჰქონდა, როდესაც კლუბი ჯერ კიდევ სერია B-ში გამოდიოდა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში ტონალიმ ბრეშიას მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. 19 წლის ნახევარმცველს იტალიის ეროვნულ ნაკრებში უკვე 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები