Thumbnail
  • ბარსელონას იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი სურს
  • სანდრო ტონალის იტალიაში ახალ ანდრეა პირლოს უწოდებენ
  • ბარსას იუვენტუსის მირალემ პიანიჩიც აინტერესებს

ბარსელონას ნახევარდაცვის ცენტრში გაძლიერებს სურს და ეს ყველამ იცის. ახალი ინფორმაციით, კატალონიური გრანდი იტალიური ბრეშას 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველით, სანდრო ტონალით დაინტერესდა. ამის შესახებ იტალიური ‘კორიერე დელა სერა’ წერს. 

სანდრო ტონალის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

ბარსას იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავით დაინტერესების ამბავი, დიდი ალბათობით, უბრალო სპეკულაციაზე მეტია - ‘კორიერე დელა სერა’ მოსალოდნელი ტრანსფერის დეტალებზეც წერს. როგორც ჩანს, კატალონიელები მზად არიან, ტონალის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადონ და გარდა ამისა, ბრეშას თავიანთი აკადემიის ორი ფეხბურთელიც დაუთმონ - ნახევარმცველი და მარცხენა მცველი. ამ მოთამაშეების ფასი დაახლოებით 5-7 მილიონი ევროა. ცნობილია, რომ ტონალის გადაბირება მილანსაც სურს.

სანდრო ტონალის იტალიაში ახალ ანდრეა პირლოდ მოიხსენიებენ. ახალგაზრდა ნახევარმცველი ლეგენდარულ ფეხბურთელს თამაშის სტილით მართლაც ძალიან ჰგავს. ტონალი გამოირჩევა ჭკვიანური პასებით, ბურთის ფლობის ტექნიკით, მოედნის კარგი ხედვით და საჯარიმო დარტყმების შესრულებით უნარით, რაშიც ის ვიდეოც დაგარწმუნებთ, რომელსაც ქვემოთ ნახავთ.

📺 ვიდეო: სანდრო ტონალის ბრწყინვალე ჯარიმა

ტონალის დებიუტი ბრეშაში 2017 წელს შედგა, როცა ეს კლუბი ჯერ კიდევ სერია B-ში თამაშობდა. ამ სეზონში ტონალიმ 23 მატჩის ჩატარება მოასწრო, 1 გოლი გაიტანა და 6 ყვითელი ბარათი მიიღო. ბრეშა 26 ტურის შემდეგ ბოლო, მე-20 ადგილზეა.

თუ მირალემ პიანიჩი?

ამასობაში, ესპანური მუნდო დეპორტივო წერს, რომ ბარსას იუვენტუსის ცენტრალური ნახევარმცველი მირალემ პიანიჩიც აინტერესებს. მეტიც: წყაროს ინფორმაციით, ბარსა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ტურინულ გრანდთან. იტალიურ მედიაში წერენ, რომ პიანიჩს იუვეს მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარისთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. პიანიჩს იუვენტუსთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები