Thumbnail

ტაბიძის ლელო საუკეთესოა - ბორდოს ქომაგებმა ქართველი მორაგბე აღიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლაშა ტაბიძემ თავი სტად ფრანსესთან მატჩში გამოიჩინა
  • ქართველი მორაგბის ბორდო TOP 14-ის ლიდერია

TOP 14-ის მოქმედმა ლიდერმა ბორდომ ქომაგებში გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ლელოს გამოვლენა იყო.

გულშემატკივრებმა პირველ ადგილზე ქართველი ლაშა ტაბიძის ლელო დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა ბურჯმა თავი საფრანგეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში გამოიჩინა, როდესაც ბორდომ სტად ფრანსეს 52:3 სძლია.

ლელო ჟირონდელთა ჩინებულ შეტევას მოჰყვა. ნანს დუსუინმა მეტოქის ხაზი გაჭრა, ალექსანდრ რუმას ბურთი თავს ზემოთ პასით დაუტოვა, ამ უკანასკნელმა კი ლელოსკენ ქართველი თანაგუნდელი გაუშვა.

მაშინ ტაბიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და საათის განმავლობაში ისე გაისარჯა, რომ TOP 14-ის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ცნობისთვის, ეს, ლაშას ბორდოულ კარიერაში პირველი ლელო იყო, ამდენად, მისი ემოციებიც სრულიად გასაგები გახლდათ. მაშინ ქართველმა მორაგბემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ბორდოში 18 წლის ასაკში მოვედი და უკვე 5 წელია აქ ვიმყოფები. ამ მომენტს მართლაც დიდი ხანი ველოდი. TOP 14-ში ლელოს დადება ჩემი ოცნება იყო და მიხარია, რომ ის ავისრულე. კარგი იერიში გვქონდა და ისეთ პოზიციაზე აღმოვჩნდი, რომ საკმარისი იყო ბურთი მიმეღო, მის დამიწებაში ხელს ვეღარავინ შემიშლიდა. სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავი”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ამჟამად, საფრანგეთის ჩემპიონატიც შეჩერებულია. 17 ტურის თავზე ბორდოს 61 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე მყოფ ლიონს 8 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები