Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 5 მსოფლიო თასზე ითამაშა
  • გთავაზობთ 'ბორჯღალოსნების' გამორჩეული ლელოებს ხუთივე მსოფლიო თასიდან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებმა 5 მსოფლიო თასზე ითამაშა. სამწუხაროდ, ბოლო მსოფლიო თასი, რომელიც იაპონიაში 2019 წელს ჩატარდა, წარუმატებელი გამოდგა - ნაკრებმა მომდევნო მსოფლიოზე ადგილი პირდაპირ ვერ გაინაღდა. სწორედ ეს იყო მთავარი ამოცანა.

'ბორჯღალოსნებს' 5 მსოფლიო თასზე 22 ლელო აქვთ დადებული. 2019 წლის მსოფლიო თასი იყო პირველი და ისტორიული ტურნირი ჩვენთვის, რადგანაც საქართველოს ნაკრებმა არცერთი მატჩი ლელოს გარეშე არ დატოვა. გარდა ამისა, ნაკრებმა ურუგვაის 5 ლელო დაუდო და მსოფლიო თასზე ბონუს ქულით მატჩი პირველად მოიგო.

ჩვენ თითო მსოფლიო თასიდან თითო ლელო გამოვარჩიეთ.

დავით დადუნაშვილი V სამხრეთ აფრიკა [2003]

საქართველოს ნაკრებმა 2003 წელს მსოფლიო თასზე პირველად ითამაშა და დიდ ტურნირზე ერთადერთი ლელო დადო. პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიო თასზე ლელო დადო, დავით დადუნაშვილი გახდა - მან სამხრეთ აფრიკა დაალელოვა.

გიორგი შკინინი V ირლანდია [2007]

2007 წელს ნაკრებმა უკვე ხუთი ლელო დადო. აქედან 3 მართლაც ძალიან ეფექტური გამოვიდა. საუკეთესოს არჩევა რთული იყო, მაგრამ არჩევანი გიორგი შკინინის ლელოზე შევაჩერეთ. მიუხედავად მარცხისა, ირლანდიასთან დადებული ლელო ქართველ ქომაგს არასდროს დაავიწყდება. საერთოდაც, ამ მატჩში გამარჯვების ლელომდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. ირლანდიამ კარგად დაიცვა თავი და მატჩი 14:10 მოიგო. შკინინის ლელო კი ხუთეულში მოხვედრას აუცილებლად იმსახურებდა.

მორაგბეები, რომლებმაც 2007 წლის მსოფლიო თასზე ლელო დადეს: გიორგი შკინინი - ირლანდია. აქვსენტი გიორგაძე, ირაკლი მაჩხანელი, დავით კაჭარავა - ნამიბია. ზვიად მაისურაძე - საფრანგეთი.

მამუკა გორგოძე V რუმინეთი [2011 წელი]

'ბორჯღალოსნებმა' 2011 წლის მსოფლიო თასზე მთავარ მეტოქეს, რუმინეთის ნაკრებს აჯობეს და ამ გამარჯვებაში მამუკა გორგოძემ დიდი როლი შეასრულა. მისი ლელო გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ თამაშში. საქართველომ 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვა.

2011 წლის მსოფლიო თასზე ლელოები დადეს: დიმიტრი ბასილაია - ინგლისი. მამუკა გორგოძე - რუმინეთი. ლაშა ხმალაძე - არგენტინა.

ბექა წიკლაური VS ახალი ზელანდია [2015]

ახალმა ზელანდიამ საქართველოსთან სწრაფი ლელოთი დაიწყო და რაგბის ქომაგთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ ჩვენი გუნდი დიდი სხვაობით დამარცხდებოდა. ბექა წიკლაურის გამათანაბრებელმა ლელომ კი ყველა გააკვირვა. ეს იყო 'ბორჯღალოსანთა' პირველი მატჩი 'ოლ ბლექსის' წინააღმდეგ და ქართველმა მორაგბეებმა მოედანი ლელოს გარეშე არ დატოვეს. ამავე მსოფლიოზე მამუკა გორგოძემ ორი ლელო დადო და ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ორივე თამაში მოვიგეთ - ტონგასთანაც და ნამბიასთანაც.

2015 წლის მსოფლიო თასზე ლელოები დადეს: მამუკა გორგოძე - ტონგა, ნამიბია. გიორგი თხილაიშვილი - ტონგა. ბექა წიკლაური - ახალი ზელანდია. ლაშა მალაღურაძე - ნამიბია

სანდრო თოდუა VS ავსტრალია [2019 წელი]

სანდრო თოდუამ 2019 წლის მსოფლიო თასზე ორი ლელო დადო - ორივე ეფექტური - პირველი ურუგვაისთან, რომელიც რამდენიმე ლამაზის პასის შემდეგ თოდუამ დაასრულა და მეორე ავსტრალიასთან, რომელიც ქართველმა ქომაგმა 2019 წლის ლელოდ დაასახელა. ლაშა ხმალაძის ბრწყინვალე ცრუმოძრაობის შემდეგ, ტრავმიანმა თოდუამ ავსტრალიელ მეტოქეს აჯობა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ''ბორჯღალოსანთა'' ბოლო ლელო დადო.

2019 წლის მსოფლიო თასის ლელოს ავტორები: შალვა მამუკაშვილი - უელსი. ოთარ გიორგაძე, ლევან ჩილაჩავა, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი კვესელაძე - ურუგვაი. მამუკა გორგოძე - ფიჯი სანდრო თოდუა - ავსტრალია, ურუგვაი.

კომენტარები

ბოლო ამბები