Thumbnail
  • NCAA-ს 2019/20 წლების სეზონში 4 ქართველი კალათბურთელი თამაშობდა
  • ახალი სეზონიდან მათ კიდევ ერთი დაემატება

ამერიკულ კალათბურთში ათლეტთა კოლეჯების ეროვნული ასოციაცია (NCAA) ის ტურნირია, რომელიც NBA-ს ახალ ვარსკვლავებს უზრდის. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში NCAA ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ნაკლებობას არ განიცდის, რომელთა შორისაც ყველაზე ცნობილი სეტონ ჰოლის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილია.

NCAA-დან NBA-ში?

სანდრო NCAA-ს I დივიზიონის ერთ-ერთ ცნობილ გუნდში თამაშობს და თან ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერიცაა. ის ნიუ ჯერსის კლუბში მე-4 სეზონს დაიწყებს, თუ... დრაფტზე არ აირჩევენ. 20 წლის ფორვარდმა, რომელსაც ფარქვეშ კარგი თამაშიც გამოსდის და პერიმეტრიდანაც ბრწყინვალედ ისვრის, გადაწყვიტა, ძალები დრაფტზე სცადოს. დიდი ალბათობით, სანდროს მაინც 2021 წლის დრაფტზე აქვს შანსი და NBA-ში პროფესიული კარიერის დაწყების შესაძლებლობა.

სერიოზული ტრავმის მიუხედავად, სანდროს სუპერსეზონი ჰქონდა

პირველ სეზონში სანდრო საშუალოდ 2.6 ქულას აკეთებდა, მეორეში - 8.9-ს. ახლანდელი სეზონი კი საუკეთესო გამოდგა - 11.9 ქულა თამაშში. ამერიკული მედია ალაპარაკდა, რომ სეტონ ჰოლს NBA-ს დონის ტალანტი ჰყავს. დიდი ალბათობით, სანდრო პირველი ქართველი იქნება, ვინც კოლეჯთა ლიგიდან NBA-ში მოხვდება.

სუპერსტარტი და შანსი მომავალ სეზონში

კიდევ ერთ ცნობილ გუნდში, ილინოისის უნივერსიტეტში თამაშობს გიორგი ბეჟანიშვილი. ამ ფორვარდის შესახებ საქართველოში ბევრმა არც იცოდა, ის ხომ ავსტრიის მოქალაქეა, თუმცა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს. 

მომავალ სეზონში ბეჟანიშვილს ილინოისის ლიდერობა უწინასწარმეტყველებენ

გიორგი შარშანდელ სეზონში მოხვდა კოლეჯთა ლიგაში და ნამდვილი ფურორი მოახდინა - საშუალოდ 12.5 ქულა თამაშში! მეორე სეზონი უკეთესი არ გამოდგა, რადგან ცენტრის პოზიციაზე ილინოისში ძალიან ათლეტური კოკბერნი მივიდა. გიორგის ფარქვეშიდან დისტანცირება მოუწია - ის ამ სეზონში საშუალოდ 6.8 ქულას აკეთებდა, თუმცა კვლავ რჩება გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ. მისი კონკურენტი დრაფტზე დადგა და თუ აირჩევენ, ბეჟანიშვილის როლი ილინოისში კვლავ გაიზრდება.

ჯორჯიელი

გიგბერია ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდში ითამაშებს 

პირველი დივიზიონის კიდევ ერთ ცნობილ კლუბს შეემატა ქართველი კალათბურთელი - საბა გიგიბერია 18 წლისაა, მაგრამ უკვე 216 სანტიმეტრია სიმაღლეში. მისი მონაცემების კალათბურთელს, ბევრი ვარიანტიც ჰქონდა, ერთ-ერთი ბეჟანიშვილის ილინოისი იყო, თუმცა საბამ, რომელიც საქართველოს ასაკობრივი გუნდების წევრია, არჩევანი ატლანტელებზე გააკეთა - ის ჯორჯია ტექში ითამაშებს. 

სხვები

ლუკა მაზიაშვილი

სია ამით არ სრულდება. 19 წლის გამთამაშებელი ლუკა მაზიაშვილი უმას ლოველში თამაშობს. ეს მისი პირველი სეზონი იყო კოლეჯთა ლიგაში და გასაკვირი არაა, რომ ლუკას ჯერ ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა, სულ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 7 წუთს იყო მოედანზე. 

NCAA-ს II დივიზიონის ნაიეკ უორიორსში ამ სეზონში თამაშობდა ფორვარდი რევაზ ჩიქოვანი, თუმცა მასაც მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები