Thumbnail
  • მამუკა გორგოძემ ფრანგული გრანდის საუკეთესო თხუთმეტეული დაასახელა
  • გუნდში პირველი ნომრის პოზიციაზე მიხეილ ნარიაშვილი მოხვდა

ლეგენდარულმა ქართველმა მორაგბე მამუკა გორგოძემ, რომელსაც მონპელიეში 2005-14 წლებში 168 მატჩი აქვს ჩატარებული, ფრანგული კლუბის ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეული შეადგინა.

35 წლის გორგოძეს აღნიშნულის გაკეთება ცნობილმა სარაგბო ვებგვერდმა Rugbyrama სთხოვა, სადაც ვკითხულობთ:

“ცხადია, რომ მონპელიეს სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას თავად მამუკაც იმსახურებდა, თუმცა, მან ჩვეული თავმდაბლობა გამოიჩინა და თავისი ადგილი სხვას დაუთმო”.

საინტერესოა, რომ მამუკამ გუნდში პირველი ნომრის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი შეიყვანა, რომელიც ასე დაახასიათა.

“როდესაც ის საფრანგეთში ჩამოვიდა, არც კვაჭი იყო და არც – მარცხენა ბურჯი. ბოლომდე, ისიც არ ჰქონდა გათავისებული, მისი პოზიციის მორაგბეს რა უნდა ეკეთებინა. მიშა ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე არ ყოფილა, თუმცა, შრომისმოყვარეობისა და საზრიანობის წყალობით, მონპელიეს საკვანძო ფიგურად იქცა. შერკინებაში რა ძალას წარმოადგენს, ამაზე, ალბათ არც არავინ დაობს. ის TOP 14-ში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა ბურჯია. ამასთან, იმის მაგალითიც, რომ თავდაუზოგავი გარჯის წყალობით, დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება”.

გორგოძის მიერ შერჩეული საუკეთესო თხუთმეტეული ასე გამოიყურება: 15. ფრანს სტეინი (2015-20), 14. ტიმოსი ნაგუსა (2010-20), 13. ჟოფრი დუმარუ (2008-12), 12. სანტიაგო ფერნანდესი (2010-13), 11. ენტონი ტუიტავაკე (2013-16), 10. ფრანსუა ტრინ-დუკი (2004-16), 9. ბენუა პაიოგი (2009-20), 8. ლუი პიკამოლი (2004-09 და 2017-20), 7. ალექს ტულუ (2010-15), 6. ფულჟენს უედრაოგო (2004-20), 5. პოლ ვილემსე (2015-20), 4. ჟაკ დუპლესი (2015-20), 3. ხუან ფიგალიო (2009-14), 2. აგუსტინ კრევი (2011-13), 1. მიხეილ ნარიაშვილი (2011-20).

კომენტარები

ბოლო ამბები