Thumbnail
  • ტურნირი, რომელიც ზუსტად 100 წლის შემდეგ გააუქმეს
  • ბრიტანეთის სახლის ჩემპიონატი, იგივე სახლის ნაციების ჩემპიონატი

ბრიტანეთის სახლის ჩემპიონატი, იგივე სახლის ნაციების ჩემპიონატი - 1883 წელს დაარსებული პირველი საერთაშორისო ტურნირია, რომელშიც მონაწილობას ბრიტანული ნაკრებები იღებდნენ. დაშვებული იყო გამონკლისი ჩრდილოეთ ირლანდიის სახით, რომელიც ტურნირის თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე ასპარეზობდა, როგორც მხოლოდ "ირლანდია".

სახლის ნაციების ჩემპიონატი ზუსტად 100 წლის შემდეგ, 1984 წელს გაუქმდა და ის ბოლოს ჩრდილოეთ ირლანდიამ მოიგო. გააუქმებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. 1. მუნდიალმა და ევროპის ჩემპიონატმა გადაფარა სახლის ნაციებისადმი ინტერესი საზოგადოებაში; 2. არეულობები ჩრდილოეთ ირლანდიაში და ხულიგანიზმის მძაფრი ფონი მთელი კუნძულების მასშტაბით.

უემბლიზე შეჭრილი შოტლანდიელები

ტურნირი ინგლისის და შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციებმა "როუზის თასით" შეცვალეს (სტენლი როუზი - ფიფას ყოფილი ინგლისელი პრეზიდენტი), საკუთარ ნაკრებებს კიდევ ერთი სამხრეთამერიკული მიწვეული გუნდი დაუმატეს და 5 წელი "როუზის თასი" გაათამაშეს, რომელიც ასევე გაუქმდა. ამის გაგრძელება იყო შემდეგ "უმბროს თასი", "ერთა თასი" და ა.შ.

ფორმატი და წესები

ყველა გუნდი თამაშობდა თითო მოწინააღმდეგესთან ერთ თამაშს, ანუ ჯამში 3 მატჩს. ტურნირი ძირითადად იმართებოდა მარტში და არ იყო მისთვის შერჩეული რომელიმე მასპინძელი ქალაქი - ყველა სახლი/გასვლას თამაშობდა. გუნდს შინ ორი მატჩი მოუწევდა თუ ერთი, ამას განსაზღვრავდა წინა ტურნირის მდგომარეობა. 1956 წლის გათამაშება იყო ერთადერთი, როდესაც ტურნირის რეგულაციის ჩარჩო ჩიხში მოექცა და გამარჯვება ოთხივე ნაკრებზე გადანაწილდა.

ჯო ბაქსტერი (შემდეგში ალექს ფერგიუსონის საყვარელი მოთამაშე) ზეიმობს ინგლისის დამარცხებას

ტურნირის თასი

სახლის ნაციების ჩემპიონატს 53 წელი თასი არ ჰქონია, გამარჯვებულს არც მედლებს გადასცემდნენ. 1935 წელს კი ბრიტანეთის იმპერიის მეფემ, ჯორჯ მეხუთემ, ტურნირს თასი აჩუქა. "საიუბილეო თასი" - ასე ეწოდა ვერცხლის ნაკეთობას, რომელზეც ფრთოსანი ფიგურა იყო გამოსახული, ზედ წარწერით "British International Championship". "საიუბილეო" იმიტომ, რომ 1935 წელს ბრიტანეთის მონარქი 70 წლის გახდა და თასიც მისი ვერცხლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი.

ისტორიული მომენტები

1902 წლის აიბროქსის ტრაგედია: 1902 წლის 5 აპრილს გლაზგოში, რეინჯერსის აიბროქსის სტადიონზე შოტლანდიამ სახლის ნაციების მატჩში ინგლისს უმასპინძლა. მატჩის პირველი ტაიმის მიმდინარეობისას დასავლეთ ტრიბუნის ქვედა ტერასა ჩამოინგრა და 25 ადამიანი დაიღუპა - მატჩი გაგრძელდა, ხალხის უმეტესობა ვერ მიხვდა, რა მოხდა.

აიბროქსის ტრიბუნა, რის ჩამოშლასაც 25 ადამიანი ემსხვერპლა

1950 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ჯგუფი: 1950 წლის სახლის ნაციების ტურნირი ფიფას თხოვნით საკვალიფიკაციო ჯგუფად გადააკეთეს. შოტლანდია და ინგლისი პირველ-მეორეზე იყვნენ, ორივეს გარანტირებული ჰქონდა მუნდიალზე ადგილი, თუმცა "სქოთებმა" განაცხადეს, რომ მუნდიალზე იმ პირობით წავიდოდნენ, თუ სახლის ნაციებს მოიგებდნენ. ბოლო ტურის მატჩში ინგლისს ჰემპდენზე ეთამაშნენ და სახლში 0:1 წააგეს. პირობა შესრულდა, შოტლანდია სახლში დარჩა.

1967 წლის შოტლანდიის არაოფიციალური მსოფლიოს ჩემპიონობა: ინგლისმა 1966 წლის მუნდიალი მოიგო და ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. უემბლის ტრიუმფის შემდეგ, უემბლიზევე ინგლისმა პირველი მატჩი შოტლანდიასთან წააგო - 2:3. გადატენილ სტადიონზე შოტლანდიელი ფანები შეიჭრნენ და ზეიმი მოაწყვეს - შოტლანდია სახლის ნაციების გამარჯვებული გახდა, ასევე "არაოფიციალური მსოფლიოს ჩემპიონი", რომელმაც კრივის პრინციპით, ინგლისს ტიტული წაართვა.

კომენტარები

ბოლო ამბები