Thumbnail
  • ყაზახეთში პრემიერ ლიგის მე-2 ტური გაიმართა
  • კანკავას, კვეკვესკირისა და ზარანდიას გუნდმა პირველი ქულები დაკარგა

ყაზახური პრემიერ ლიგა ერთ-ერთი იშვიათი ტურნირია, რომელიც ახალი კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, არ გადადებულა, თუმცა მატჩები უმაყურებლოდ იმართება. 

ყაზახეთში 7 ქართველი ლეგიონერია და მათი უმრავლესობა ეროვნული ნაკრების წევრია, იქ მოღვაწეობს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძეც. 

მე-2 ტურის მატჩში ქართველთა ტობოლი ჟეტისუს ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. სტუმართა რიგებში სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტოში იყო: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ლუკა ზარანდია (პირველ ტაიმში გააფრთხილეს და შესვენებაზე შეცვალეს). 

გრიგორი ბაბაიანი (ტობოლის მწვრთნელი): "ემოციები გვაკლდა, თამაში უფრო საწვრთნელ სპარინგს ჰგავდა, მაგრამ, რას ვიზამთ, მსოფლიოში რთული ვითარებაა შექმნილი და უეფას რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. დღეს ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ საგარეო მატჩისთვის არა უშავს". 

ქართული დაპირისპირება გაიმართა პავლოდარში, სადაც ირტიში ყიზილ-ჟარს მასპინძლობდა და 1:1 დაუზავდა. ირტიშში მე-80 წუთამდე ითამაშა ლევან კუტალიამ (გააფრთხილეს), ხოლო ყიზილ-ჟარში გუნდის კაპიტანი შოთა გრიგალაშვილი 68-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის ბოლო წუთზე გამოჩნდა თამაზ ცეცხლაძე. 

15 მარტს კახა ცხადაძის ორდაბასი თარაზს ესტუმრება, ხოლო კაისარი, სადაც ელგუჯა ლობჯანიძე თამაშობს, ოკჟეტპესს ესტუმრება. 

შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ქართველ ლეგიონერთაგან ჯაბა კანკავა მოხვდა, თუმცა გოლების გატანა ლუკა ზარანდიამ და ელგუჯა ლობჯანიძემ მოახერხეს.

კომენტარები

ბოლო ამბები