Thumbnail

12 ნოემბერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ კოშმარად იქცა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბევრი თამაში წაუგია, მაგრამ ალბათ ყველა დაგვეთანხმება, თუ ვიტყვით, რომ ეს ყველაზე მტკივნეული მარცხი იყო. ქვეყნის პირველი გუნდის შექმნიდან 30 წელიწადზე მეტია გასული და ამ სამ ათწლეულში ნაკრებს რამდენიმე მაგარი თამაში ჰქონდა - ახლა ამ მატჩების გახსენების ალბათ საუკეთესო მომენტია.

1990 წლის 27 მაისს საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველი შეხვედრა გამართა. თბილისში ლიეტუვასთან ტესტ-მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. მას შემდეგ 30 წელიწადზე მეტი გავიდა - მართალია, ნაკრებს არ ჰქონდა დიდი წარმატებები, მაგრამ იყო მატჩები, რომლებიც ნამდვილად შეგვიძლია ჩავწეროთ საქართველოს ეროვნული გუნდის აქტივში.

წარმოგიდგენთ ეროვნული გუნდის 10 საუკეთესო მატჩის ჩვენს ვერსიას:

საქართველო 5:0 უელსი [16.11.1994 თბილისი]
1:0 თემურ ქეცბაია (31), 2:0 გიორგი ქინქლაძე (41), 3:0 თემურ ქეცბაია (49), 4:0 გოჩა გოგრიჭიანი (59), 5:0 შოთა არველაძე (67)

პირველი შესარჩევი ეტაპი, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა და პირველი გამარჯვება ოფიციალურ შეხვედრაში. საქართველოს ნაკრების რიგებში 2 გოლი თემურ ქეცბაიამ გაიტანა, თითო გოლი კი გიორგი ქინქლაძემ, გოჩა გოგრიჭიანმა და შოთა არველაძემ გაიტანეს. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ გერმანიას და ბულგარეთს ჩამორჩა.

საქართველო 2:1 ბულგარეთი [11.10.1995. თბილისი]
1:0 შოთა არველაძე (1), 2:0 გიორგი ქინქლაძე (47, პენ), 2:1 ხრისტო სტოიჩკოვი (87)

ისევ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა თბილისში ბულგარეთის ნაკრები დაამარცხა, რომელშიც ხრისტო სტოიჩკოვი და იორდან ლეჩკოვი ბრწყინავდნენ. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს. ერთადერთი საპასუხო გოლი სტოიჩკოვის ანგარიშზეა. 

საქართველო 7:0 სომხეთი [30.03.1997. თბილისი]
1:0 შოთა არველაძე (12), 2:0 გიორგი ქინქლაძე (45, პენ), 3:0 შოთა არველაძე (57), 4:0 არჩილ არველაძე (58), 5:0 არჩილ არველაძე (60), 6:0 შოთა არველაძე (67), 7:0 მიხეილ ყაველაშვილი (81)

ამხანაგური მატჩი, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა სომხეთს 7 უპასუხო გოლი გაუტანა. ეს არის საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება ისტორიაში. 5 გოლი არველაძეებმა გაიტანეს, 3 შოთამ, ხოლო 2 არჩილმა. ერთი შედეგიანი დარტყმა გიორგი ქინქლაძის ანგარიშზეა, ხოლო ერთხელ მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ეფექტური გოლები გაიტანეს.

საქართველო 0:0 იტალია [10.09.1997. თბილისი]

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა იტალიას თბილისურ შეხვედრაში 2 ქულა დააკარგვინა და არიგო საკის გუნდი პლეი ოფში გაუშვა. მაშინ იტალია ინგლისის კონკურენტი იყო და ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძოდა, თბილისური მატჩი კი საბედისწერო გამოდგა. იტალიის ნაკრებში ალესანდრო ნესტა, ფაბიო კანავარო, პაოლო მალდინი, დინო ბაჯო, რობერტო ბაჯო, ჯანფრანკო ძოლა, კრისტიან ვიერი და სხვა ვარსკვლავები ასპარეზობდნენ...

საქართველო 3:0 პოლონეთი [11.10.1997. თბილისი]
1:0 არჩილ არველაძე (55), 2:0 კახი ცხადაძე (70), 3:0 თემურ ქეცბაია (75)

ისევ 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. 3 უპასუხო გოლი პოლონეთის ნაკრების კარში არჩილ არველაძის, კახა ცხადაძის და თემურ ქეცბაიას შესრულებით. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, ინგლისს და იტალიას ქულებით, ხოლო პოლონეთს ბურთების შეფარდებით ჩამორჩა.

საქართველო 1:0 რუსეთი [30.04.2003. თბილისი]
1:0 მალხაზ ასათიანი (11)

მატჩი, რომელმაც ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული სიხარული მოუტანა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და მალხაზ ასათიანის ერთადერთი გოლით მოპოვებული გამარჯვება, რამაც თბილისის ქუჩებში სახალხო ზეიმი გამოიწვია. ამ ისტორიულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ივო შუშაკი წვრთნიდა.

საქართველო 2:0 ურუგვაი [15.11.2006. თბილისი]
1:0 ლევან კობიაშვილი (40, პენ), 2:0 ლევან კობიაშვილი (61)

პირველი მსოფლიოს ჩემპიონი (არა მოქმედი), რომელიც საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა, ურუგვაია. კლაუს ტოპმიოლერის გუნდს თბილოისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ლევან კობიაშვილმა ულიდერა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ურუგვაის ნაკრებში ფაბიან კარინი, დიეგო ლუგანო, დიეგო გოდინი, ვალტერ გარგანო, დიეგო ფორლანი და სხვა ვარსკვლავები ასპარეზობდნენ.

საქართველო 2:0 შოტლანდია [17.10.2007. თბილისი]
1:0 ლევან ჭედლიძე (16), 2:0 დავით სირაძე (64)

თბილისურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას მოუგო და ბრიტანელები ევროპის ჩემპიონატს მიღმა დატოვა. გოლები ლევან მჭედლიძემ და ალექსანდრე სირაძემ გაიტანეს. საქართველოს ნაკრებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრა მეტოქე და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ამ შესარჩევ ციკლშიც წარუმატებლად იასპარეზა და 7-გუნდიან ჯგუფში მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავა.

საქართველო 1:0 ხორვატია [26.03.2011. თბილისი]
1:0 ლევან კობიაშვილი (90)

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. ლევან კობიაშვილის გამარჯვების გოლი და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გულშემატკივართა ზღვა ემოციები. თემურ ქეცბაიას გუნდმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაიწყო, თუმცა ცუდად გააგრძელა და საბოლოოდ, 6-გუნდიან ჯგუფში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. ისევე როგორც შოტლანდიასთან საშინაო გამარჯვება, ხორვატიის ძლევაც ლოკალურ წარმატებად დარჩა.

ესპანეთი 0:1 საქართველო [07.06.2016. ხეტაფე]
1:0 თორნიკე ოქრიაშვილი (40)

საქართველოს ნაკრების ყველაზე სენსაციური გამარჯვება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი მისსავე მოედანზე დაამარცხა. მართალია, თამაში ამხანაგური იყო და საქართველოს ნაკრებმაც ჩაკეტილი, არც თუ სანახაობრივი თამაშით სძლია მეტოქეს, მაგრამ ასეთ მეტოქესთან გამარჯვება და თანაც გასვლაზე, ვერ დარჩება ათეულს მიღმა. ესპანელი ვარსკვლავების ჩამოთვლა, რომლებმაც ამ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, შორს წაგვიყვანს. საქართველოს ნაკრების რიგებში ერთადერთი და გამარჯვების გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები