Thumbnail
  • 46 წლის რუსი სპეციალისტი არნემულ კლუბს მომავალი სეზონიდან გაწვრთნის.
  • ჰალ სიტის, ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ვიტესთან დაკავშირებას რომან აბრამოვიჩს უკავშირებენ.

გურამ კაშიას გუნდს არნემის ვიტესს მომავალ სეზონში ლეონიდ სლუცკი გაწვრთნის, რომელიც ჰოლანდიის ჩემპიონატში დასაქმებული პირველი რუსი სპეციალისტი გახდება.

როგორც De Telegraaf იუწყება, ჰოლანდიური კლუბის ხელმძღვანელობამ 46 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა, მოსაგვარებელი კი მხოლოდ სლუცკისთვის ქვეყანაში მუშაობის უფლების მინიჭების საკითხი რჩება. ამის შემდეგ ვიტესი ახალ მწვრთნელს ოფიციალურად წარადგენს. ამ  ინფორმაციას ჰოლანდიური კლუბის ტექნიკური დირექტორი მარკ ვან ჰინტუმიც ადასტურებს.

არნემის ვიტესის ამჟამინდელი თავკაცი ჰენკ ფრეიზერი თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

ლეონიდ სლუცკის ძირითადად რუსული კლუბებში უმუშავია, ბოლოს კი ინგლისურ ჰალ სიტის წვრთნიდა, სადაც გასული წლის ივნისიდან დეკემბრამდე დაჰყო. სპეციალისტს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მოსკოვის ცსკა-ში მიუღწევია, რომელიც რუსეთის ჩემპიონი 2012/13, 2013/14 და 2015/16 წლებში გახადა, ქვეყნის თასი კი 2010/11 და 2012/13 წლებში მოაგებინა. პარალელურად სლუცკი 2015-2016 წლებში რუსეთის ეროვნული ნაკრებსაც წვრთნიდა.

გურამ კაშიამ ერედივიზიეში 246 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა

არნემის ვიტესს რუსი ალეკსანდრ ჩიგრინსკი ფლობს, რომელმაც კლუბი 2013 წელს მერაბ ჟორდანიასგან შეიძინა. ცნობილია, რომ ვიტესი მჭიდროდ თანამშრომლობს რომან აბრამოვიჩის ჩელსისთან. ამბობენ, რომ თავის დროზე სლუცკის ინგლისში გადაბარგება დიდწილად აბრამოვიჩის ხელშეწყობით მოხდა.

გურამ კაშია არნემის ვიტესში 2010 წელს, თბილისის დინამოდან გადავიდა.

ჰოლანდიური გუნდის 30 წლის კაპიტანმა მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

ვიტესი ერედივიზიეს სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-6 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები