Thumbnail
  • ფიფა-ს კლასიფიკაციაში ჩვენი ნაკრების მდგომარეობა უცვლელია
  • საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას ჩამორჩება, კოსოვოს კი უსწრებს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფიფა-ს განახლებულ რეიტინგში 91-ე ადგილი შეინარჩუნა.

ახალი კლასიფიკაცია დღეს გამოქვეყნდა და მასში ცვლილებები მინიმალური რაოდენობითაა, რადგანაც გასულ პერიოდში თითებზე ჩამოსათვლელი საერთაშორისო მატჩები ჩატარდა.

საქართველოს ნაკრებს აქტივში კვლავაც 1267 ქულა აქვს 2-2 ქულით ჩამორჩება ლიბანისა და კონგოს (1269) ეროვნულ გუნდებს, 88-ე ადგილზე ზამბიაა (1279), 87-ე პოზიცია კი ბელარუსს (1280) უკავია, რომელსაც ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ვეთამაშებით.

შეგახსენებთ, რომ თუკი 26 მარტს თბილისში დაგეგმილ მატჩში მეტოქეს ვაჯობეთ, ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს გავეჯიბრებით.

რეიტინგში მაკედონიელებს 1347 ქულით 68-ე საფეხური უკავიათ, კოსოვო კი 1174 ქულით 115-ეა.

კლასიფიკაციის მოწინავე ათეულში, რომელიც ასე გამოიყურება, ცვლილებები არ შესულა:

1. ბელგია – 1765 ქულა, 2. საფრანგეთი – 1733, 3. ბრაზილია – 1712, 4. ინგლისი – 1661, 5. ურუგვაი – 1645, 6. ხორვატია – 1642, 7. პორტუგალია – 1639, 8. ესპანეთი – 1636, 9. არგენტინა – 1623, 10. კოლუმბია – 1622.

ფიფა მომავალ რეიტინგს 9 აპრილს გამოაქვეყნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები