Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში ლაიპციგმა ტოტენჰემი გასვლაზე 1:0 დაამარცხა და წყვილის ფავორიტად იქცა. ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად ტიმო ვერნერმა გაიტანა.

გერმანელი ფეხბურთელის ყიდვა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბევრ გრანდს სურდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად 23 წლის მოთამაშეს კარიერის გაგრძელება ლივერპულში სურს. ტიმომ ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ ლივერპულზე და თავად "დეზებზეც" ისაუბრა.

"ვიცი, რომ ამ დროისთვის ლივერპული მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. როცა მსგავსი კლუბი შენით ინტერესდება, ეს ძალიან საამაყოა. ლივერპულს ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. ბევრი უნდა ვიშრომო, ვისწავლო და გავუმჯობესდე, რომ მსგავს დონეზე თამაში შევძლო. ტოტენჰემი კარგი გუნდია. შარშან აჩვენეს, რომ მათ აქვთ ძლიერი მენტალიტეტი და შეუძლიათ თამაშები შემოაბრუნონ. ჩვენ საპასუხო შეხვედრაშიც ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს ვითამაშეთ," - განაცხადა ვერნერმა.

გუნდები მეორე შეხვედრას გერმანიაში 10 მარტს გამართავენ. მიუხედავად იმისა, რომ ლაიპციგი ფავორიტად იქცა, დამთავრებული მაინც არაფერია და ტოტენჰემს გასვლის შანსი მაინც რჩება.

ტიმო ვერნერმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 7 მატჩი ჩაატარა და თავი 4 გატანილი გოლით გამოიჩინა. ფორვარდი განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, სადაც 22 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები