- 33 წლის მცველი მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანაგრძლივებაზე თათბირობს
- რეალს ფეხბურთელის ასაკი აბრკოლებს, სერხიოს კი მშვიდად ყოფნა დიდი ხნით სურს
მადრიდის რეალი თავის კაპიტანთან, სერხიო რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ესპანური მედიის ინფორმაციით, მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა და ეს შეთანხმებას ართულებს.
სერხიოს 34 წელი მომდევნო თვეში უსრულდება, რეალთან მოქმედი კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.
კლუბი და ფეხბურთელი მოლაპარაკებათა ფინალურ სტადიაზე არიან, თუმცა უთანხმოება ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებით არსებობს. ესპანელ მცველს კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგარძლივება სურს, რათა თავის მომავალთან დაკავშირებით გარანტიები მიიღოს და მთელი ყურადღება ფორმას დაუთმოს.

მაგრამ სერხიო რამოსის სურვილი არ ემთხვევა "სამეფო კლუბის" პოლიტიკას, რომელიც, როგორც წესი, ასაკიან მოთამაშეებს კონტრაქტებს ერთ წელიწადზე მეტი ხნით არ უფორმებს.
მართალია, მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ რეალი და მისი კაპიტანი შეთანხმებას მაინც შეძლებენ და კონტრაქტის გახანგრძლივება უახლოეს მომავალში მოხდება.
სერხიო რამოსი მადრიდის რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს და მასთან ერთად ჯამში 21 ტიტული, მათ შორის 4-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის თასი და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მიმდინარე სეზონში მადრიდელთა კაპიტანმა ესპანეთის ჩემპიონატის 21 მატჩში ითამაშა და 4 გოლით გამოირჩა.
კომენტარები