Thumbnail
  • მანუჩარ მარკოიშვილმა პოპსპორტთან ნაკრებში თავის ახალ როლზე ისაუბრა
  • ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი თორნიკე შენგელიას აღიარებასაც გამოეხმაურა

მანუჩარ მარკოიშვილი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტი გახდა. მასთან ერთად, ბერძენ სპეციალისტს კიდევ ერთი ახალი ასისტენტი ჰყავს -  ანატოლი ბოისა. ზუროსთან მუშაობას აგრძელებენ სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ბერძენი გეორგიოს ლიმნიატისი.

მანუჩარ მარკოიშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მისამართით ასეთი დიდი ნდობა გამოიჩინა. შევეცდები, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. ვბრუნდები გუნდში, რომელშიც ყოფნა ბავშვობის ოცნება იყო და რომელშიც, საბედნიეროდ, ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე.”

16 თებერვალს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს. 20 თებერვალს კი შვეიცარიის ნაკრებთან პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

'ამ საპატიო ტიტულს თოკო თავისი შრომით, თავდადებით, ადამიანობით იმსახურებს!'

პოპსპორტთან მარკოიშვილმა თორნიკე შენგელიას აღიარებაზეც ისაუბრა. ბასკონიას ქართველი კაპიტანი ლიგა ენდესამ წლის გიგანტად, ანუ ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა: “ამ საპატიო ტიტულს თოკო თავისი შრომით, თავდადებით, ადამიანობით იმსახურებს. მჯერა, რომ ეს არაა მისი უკანასკნელი აღიარება. მიმაჩნია, რომ იგი ევროლიგაში თავის პოზიციაზე საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის. შენგელია ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მწამს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს.”

ჯილდო თორნიკე შენგელიას ჯილდო ყოველწლიურ შემაჯამებელ გალა-ღონისძიებაზე გადაეცა. “Premios Gigantes” წელს 32-ედ გაიმართა - დაჯილდოების ცერემონია მადრიდში, ლიგა ენდესას სათაო ოფისში ჩატარდა. ქართველ კალათბურთელს პრიზი ლიგა ენდესას შეფმა, იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

კომენტარები

ბოლო ამბები