Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას იწყებს.

ეროვნული გუნდის შეკრება 16 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება, ხოლო პირველ მატჩს ილიას ზუროსის გუნდი 20 თებერვალს, შვეიცარიასთან გამართავს. მეორე შეხვედრა 23 თებერვალს ბელგრადშია დაგეგმილი სერბეთის ნაკრებთან.

ზუროსმა ნაკრებში მოხვედრის 24 კანდიდატი დაასახელა, შეკრების დაწყებამდე კი საბოლოო განაცხადი გახდება ცნობილი. მწვრთნელის სიაში მაიკლ დიქსონი მოხვდა, რომელიც თანახმაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდეს. თუმცა, ნაკრებში მხოლოდ ერთი ნატურალიზებული მოთამაშე უნდა იყოს და შესაბამისად, ზუროსს მასსა და მაკფადენს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. დიქსონი ჩეხურ ნინბურკში თამაშობს, ბოლოს მსუბუქი ტრავმაც ჰქონდა და გამოჯანმრთელებაც უნდა მოასწროს. მოკლედ, მაიკლის თანხმობა ერთია, მაგრამ ითამაშებს თუ არა უახლოეს ორ შეხვედრაში, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. 

24 კანდიდატი: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა ზაქრაძე, ოთარ ფხაკაძე, მაიკლ დიქსონი, თად მაკფადენი, ლუკა ბულაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, სანდრო სანაძე, ირაკლი სულხანიშვილი, ნიკა გაფრინდაშვილი, დუდა სანაძე, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ნიკა დარბაიძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი, ილია ლონდარიძე, გიორგი შერმადინი, გიორგი ტურძილაძე.

ფიბა-ს და ევროლიგას შორის რთული ურთიერთობის გამო, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ესპანური ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია. ზუროსი ასევე ვერ გამოიყენებს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე გოგა ბითაძეს და სტუდენტური ლიგის (NCAA) ქართველებს.

საქართველოს ნაკრებს გოგა ბითაძე დააკლდება

სიახლეა საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, რომელსაც 2 ახალი წევრი ეყოლება - გუნდის ყოფილი მოთამაშეები: მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა.

ბოისა სუპერლიგის რუსთავის მთავარი მწვრთნელია, ხოლო მარკოიშვილი ტიტების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. წინა წლების მსგავსად, ილიას ზუროსის ასისტენტები იქნებიან სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ბერძენი გეორგიოს ლიმნიატისი. 

მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებენ

საქართველო 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად მასპინძლობს. ამ მიზეზით, ოთხივე ქვეყანას ევრობასკეტის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, საქართველოც, გერმანიაც, იტალიაც და ჩეხეთიც საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ, რათა ევროპირველობას უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 8 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო E ჯგუფშია სერბეთთან, ფინეთთან და შვეიცარიასთან ერთად. 20 საგზურისთვის საკვალიფიკაციო ტურნირის 28 მონაწილე იბრძოლებს. იმ 4 ჯგუფიდან, რომლებშიც მომავალი ჩემპიონატის მასპინძლები არ არიან, ევრობასკეტის საგზურს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საქართველოს, ჩეხეთის, გერმანიისა და იტალიის ჯგუფებიდან კი ევრობასკეტზე 2-2 საუკეთესო გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები