Thumbnail

ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში ესპანეთთან მატჩამდე, მზადება მე-15 მოგებისთვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 3 მარტი, 18:00 - საქართველო V ესპანეთი
  • რაგბი ევროპას მესამე ტურის მატჩი მიხეილ მესხზე გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რაგბი ევროპას მესამე ტურში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესპანეთს უმასპინძლებს. ბორჯღალოსნებმა მატჩამდე ღია ვარჯიში გამართეს. მილტონ ჰეიგის გუნდი დიდი მონდომებით ემზადება ესპანეთთან სათამაშოდ.

ესპანელებმა რაგბი ევროპას პირველ ორ ტურში რუსეთსა და რუმინეთს მოუგეს. მათ ფაქტობრივად გაინაღდეს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება. ჩვენთან გამარჯვების შემთხვევაში, შანსი აქვთ, რომ რაგბი ევროპა მოიგონ.

შარშან საქართველო ესპანეთს ‘მედინა-დელ-კამპოზე’ ეთამაშა და ტაიმი 3:10 დათმო, შესვენების შემდეგ კი მეტოქემ ქულა ვერ აიღო და ბორჯღალოსნებმა დაძაბულ ბრძოლაში 20:10 მოიგეს. იმ შეხვედრაში ნაკრებში სადებიუტო ლელოს დადება სოსო მათიაშვილმა მოახერხა.

სოსო მათიაშვილი ესპანეთთან მატჩამდე.
მათიაშვილმა ნაკრებში სადებიუტო ლელო ესპანეთთან დადო.

ბორჯღალოსნებისა და ‘ლომების’ ურთიერთშეხვედრების ისტორია უკვე 18 მატჩს ითვლის. ესპანეთი ჩვენთვის უხერხულ მეტოქედაც ითვლებოდა. საქართველოს ნაკრების ბალანსი ესპანეთთან შემდეგნაირია 14 გამარჯვებაა; 1 ფრე და 3 მარცხი.

ოპტიმისტურად არიან განწყობილი მორაგბეები და სამწვრთნელო შტაბი.

ლევან ჩილაჩავა: გუნდში კარგი მდგომარეობაა, ყველა კარგად გრძნობს თავს. ვაფასებთ მეტოქეს. ესპანეთი გერმანიაზე და ბელგიაზე ძლიერია - გამარჯვების მოპოვება იოლი არ იქნება. ვუყურე მათ თამაშებს რუმინეთთან და რუსეთთან, სწრაფი და თავდაჯერებული ბიჭები არიან. რამდენიმე საფრანგეთის მეორე დივიზიონშიც თამაშობს. მიუხედავად ტრავმებისა, ჩვენ ოპტიმალური შემადგენლობით ვართ.

ლევან მაისაშვილი: ესპანეთს ყოველთვის ჰქონდა თავისი ხელწერა. მათ აქვთ მიზანი - გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე და მოიგონ რაგბი ევროპას გათამაშება. დარწმუნებული ვარ, კარგი მატჩი იქნება. მეოთხე კვირაა, რაც ვემზადებით. გუნდი კარგ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ კარგი და ლამაზი თამაშის საჩვენებლად.

ბადრი ალხაზაშვილი: ძალიან კარგად მოვემზადეთ. ინგლისში ვიყავით და მზად ვართ მატჩისთვის. იმედი მაქვს, ლაღ და ლამაზ რაგბის ვითამაშებთ და ესპანეთს დავამარცხებთ. ესპანეთი ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 დაიწყება. ბორჯღალოსნები ესპანეთთან მე-15 გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები