- ქართველმა ფორვარდმა 17-დან 16 ტყორცნა გამოიყენა
- გიორგი ცინცაძემ 18 ქულა და 16 პასი მოაგროვა
32 წლის ქართველმა კალათბურთელმა მიხეილ ბერიშვილმა ყატარის ჩემპიონატში სუპერშედეგიანი მატჩი ჩაატარა.
ბერიშვილისა და გიორგი ცინცაძის ალ შამალმა სტუმრად ერ-ერთ უშუალო კონკურენტ ალ ვაკრას 109:80 სძლია, მიხეილმა კი 38:03 წუთში 42 ქულა (!), 7 მოხსნა (2 შეტევაში) და 4 პასი მოაგროვა.
ყველაზე საინტერესოა, რომ ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან 17-ჯერ შეუტია და მხოლოდ ერთხელ ააცილა.
ბერიშვილმა 9-დან 8 ორქულიანი, 8-ვე სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, რაც იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ყატარის ჩემპიონატი სიძლიერით არ გამოირჩევა, დიდებული მაჩვენებელია.
ვთქვათ ისიც, რომ მიხეილმა ბურთი მხოლოდ 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 50-ს გაუტოლდა და რა გასაკვირია, რომ ის მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს.

ბერიშვილის ჩინებულმა გარჯამ ყველა სხვა კალათბურთელის სტატისტიკური მაჩვენებლები გადაფარა, არადა, იგივე ცინცაძესაც ძალიან შედეგიანი შეხვედრა ჰქონდა.
გიორგიმ მოედანზე 38:51 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა: 18 ქულა, 16 პასი, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრების 33 წლის გამთამაშებელმა 7-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
ცინცაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 გახლდათ, რაც სტუმართა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო.
ალ შამალმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და 9 მოგებით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 იანვარს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ ალ სადთან ჩაატარებს.
კომენტარები