Thumbnail

ხეჩიკაშვილი: იყო გინება და ბულინგი, კინაღამ ფეხბურთიდან წავედი

საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია ცეცაძე წარადგინეს. თბილისურმა კლუბმა ახალ მწვრთნელთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს გია ცეცაძემ და კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლეს...

ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბურთალოს პრეზიდენტი)

"იმედია, 2020 წელი დიდი სიხარულის მომტანი იქნება ქართული ფეხბურთისთვის. ყველა ველოდებით სანაკრებო მატჩებს და ქართველი გულშემატკივარი ნამდვილად იმსახურებს დიდ წარმატებას. თუმცა, საჭიროა ზომიერი ოპტიმიზმი, რომ ამით ცუდი სამსახური არ გავუწიოთ ჩვენ ფეხბურთელებს. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ ითამაშებენ ქართული გუნდები ევროასპარეზზე და იმედია, აქაც წარმატებები გვექნება.

გია ცეცაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწვრთნელია და მოხარული ვარ, რომ თავის ოჯახს, საბურთალოს დაუბრუნდა. უახლოესი სამი წლის განმავლობაში განვითარების ახალ ეტაპზე უნდა ავიდეთ: ეს არის მუდმივად ტოპსამეულში ყოფნა საქართველოში, ბრძოლა ყველა ქართული ტიტულის მოსაგებად და აუცილებელი მიზანი: ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრა. ეს არის 3-წლიანი პროგრამა, რომელმაც ახალი ბიძგი უნდა მისცეს კლუბის განვითარებას და ახალ საფეხურზე ასვლას.

2019 წელს გვქონდა წარმატებები, მაგრამ არ გვავიწყდება წარუმატებლობაც, საიდანაც საჭირო გამოცდილება და დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მძიმე იყო არარატ-არმენიასთან მარცხი, რის შემდეგაც გინების და ბულინგის ადრესატი გავხდით. ლამის დავანებე ყველაფერს თავი და უარი ვთქვი ქართულ ფეხბურთში ინვესტირებაზე. მაგრამ, ამ მარცხის შემდეგ, ჩვენ ვალში ვიყავით ნამდვილ, ჭეშმარიტ გულშემატკივრებთან და სწორედ ამიტომ დავისახეთ ახალი მიზნები და შევუდექით განვითარებას ახალ გზას. 

რაც შეეხება წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებას, არის ინტერესი მალის და კოხრეიძის მიმართ. ჩვენ არ ვაფერხებთ ფეხბურთელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ისეთი კლუბები იწვევენ, სადაც ზრდისთვის უკეთესი პირობები ექნებათ. მაგალითად, ასე მოხდა გიორგი ხარაიშვილის შემთხვევაში. 

2019 წელს ჩვენი ბიუჯეტი 11 მილიონი ლარი იყო. აქედან მხოლოდ 4 მილიონი ლარია, რომელიც უეფადან მივიღეთ. ანუ, დანახარჯები გაცილებით მეტი იყო, თუმცა ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მყარია. ვისურვებდი, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთში დაინერგოს ფინანსური ფეარ პლეის პრინციპი და თუ კლუბს საბანკო გარანტიები არ აქვს, არ ჰქონდეს ფეხბურთელებთან მაღალანაზღაურებადი კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობა.

ვნახეთ, რა მოხდა ტორპედოში, სადაც ხელოვნურად გაბერეს ფეხბურთელთა ხელფასები და შემდეგ, ეს ყველაფერი ბუშტივით გასკდა. ჩვენ რეგულაციების მომხრე ვართ, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდეს. 

მართლაც მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი და იმედია, რომ საბურთალოს ქომაგების მხრიდან მხარდაჭერა ექნება. არ ვაკნინებ დინამო ბათუმის წარმატებას, მაგრამ ამ გუნდის წისვლაში გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს. ამ უპირატესობას კომპენსირება სჭირდება და ჩვენ თბილისელების იმედი გვაქვს".  

კომენტარები

ბოლო ამბები