Thumbnail
  • მიხეილ ბერიშვილმა წელს ჩატარებულ შეხვედრებში 13 სამქულიანი ჩააგდო
  • ქართველ ლეგიონერთა ალ შამალმა პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა

ქართველი კალათბურთელი მიხეილ ბერიშვილი ყატარის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს განაგრძობს.

მისი და გიორგი ცინცაძის ალ შამალი ალ არაბისთან გასვლით მატჩში 79:95 დამარცხდა, მიხეილი კი გამორჩეულად გაისარჯა.

როგორც ბერიშვილმა, ასევე ცინცაძემ შეუცვლელად ითამაშეს. მიშას მონაგარი 26 ქულა, 15 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 2 ჩაჭრა იყო.

მან 4-დან 3 ორქულიანი, 11-დან 6 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

შედეგად, ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, სტუმართაგან ახლოსაც კი ვერავინ ყოფილა.

საინტერესოა, რომ 1 იანვარს გამართულ შეხვედრაში მიხეილმა 7 სამქულიანი ჩააგდო და ყატართან მოგებულ მატჩში 28 ქულა მიითვალა, ამდენად, წლეულს ორ შეხვედრაში მის აქტივში უკვე 54 ქულაა.

ცინცაძეს წლის პირველ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ალ არაბისთან შეხვედრაში კი 12 ქულა, 5 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი, 10-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.

ალ შამალს 5 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და ყატარის ჩემპიონატის პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები