Thumbnail

გორგოძის დიდი აღიარება – მამუკა დეკადის სიმბოლურ ნაკრებში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მამუკა გორგოძე გუნდში ერთადერთი ევროპელია
  • ქართველმა ლეგენდამ კონკურენტებს საგრძნობლად გაუსწრო

ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე გასული ათლწეულის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი საუკეთესო თხუთმეტეულში ავსტრალიის რაგბის კავშირის ვებგვერდმა შეიყვანა, რომელიც გამოკითხვას ქომაგებს შორის ატარებდა.

საინტერესოა, რომ სიმბოლურ გუნდში ევროპელთაგან მხოლოდ გორგოძე ფიგურირებს, დანარჩენი 14 მორაგბე კი ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას და ავსტრალიას წარმოადგენს.

მამუკამ 8 ნომრის პოზიციაზე ისეთ სახელოვან მოთამაშეებს აჯობა, როგორებიც ქირან რიდი (ახალი ზელანდია), დუეინ ვერმულენი (სამხრეთ აფრიკა), ბილი ვუნიპოლა (ინგლისი), ტაულუპე ფალეტაუ (უელსი), სერჯიო პარისე (იტალია), მაიკლ ლიჩი (იაპონია) და იმანოლ არინორდოკი (საფრანგეთი) არიან.

გამოკითხვაში გორგოძეს 72% ერგო და მან უახლოეს კონკრენტებს საგრძნობლად გაუსწრო. მაგალითად, მე-2 ადგილზე გასულმა რიდმა 16% მიიღო.

“ქართველი, რომლისაც რაგბიში ყველაზე მეტად ეშინიათ და ეს, ბევრ რამეზე მეტყველებს. გორგოძემ თავის პოზიციაზე ხმების 72% მიიღო და დიდი უპირატესობით იმარჯვა. მამუკა ოთხ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ის უდიდესი ნიჭის პატრონი გახლავთ და 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე, ინგლისთანა და ახალ ზელანდიასთან მატჩებში საუკეთესოდ აღიარეს, რაც შთამბეჭდავი რამაა. უკვე 10 წელია, გორგოძე ვარსკვლავურ ტულონშიც კი გამორჩეული მორაგბეა”, წერს Rugby.com.au.

დეკადის სიმბოლური ნაკრები 

უკანა ხაზი: 15. ისრაელ ფოლაუ (ავსტრალია), 14. ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია), 13. კონრად სმიტი (ახალი ზელანდია), 12. მა’ა ნონუ (ახალი ზელანდია), 11. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა), 10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია), 9. აარონ სმიტი (ახალი ზელანდია).

შერკინება: 1. ტენდაი მტავარირა (სამხრეთ აფრიკა), 2. კევინ მეალამუ (ახალი ზელანდია), 3. ოუენ ფრენკსი (ახალი ზელანდია), 4. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), 5. ვიქტორ მეტფილდი (სამხრეთ აფრიკა), 6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია), 7. დევიდ პოქოქი (ავსტრალია), 8. მამუკა გორგოძე (საქართველო).

კომენტარები

ბოლო ამბები