Thumbnail
  • ბექა გორგაძემ თავი აჟენთან მატჩში გამოიჩინა
  • თამაშში მონაწილეობა სამმა ქართველმა მორაგბემ მიიღო

ლექსო ყაულაშვილის, ლაშა ტაბიძისა და ბექა გორგაძის ბორდომ ჩელენჯ ქაფის მე-4 ტურში ასევე ფრანგულ აჟენს 33:6 სძლია და 17 ქულით მე-3 ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა.

ჟირონდელთა უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარა იყო. სტუმართა 2 საჯარიმოს მათ 5 ლელოთი უპასუხეს, რომელთაგან ერთი (63 წუთზე) გორგაძის ანგარიშზე გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ბექამ შეუცვლელად ითამაშა, ტაბიძე მინდორზე 53-ე წუთზე გამოჩნდა, ყაულაშვილი კი, რომელმაც საფრანგეთის ტოპ 14-ის გასულ ტურში ქვეყნის 2016 წლის ჩემპიონი რასინგი დაალელოვა, ამჯერად, დაასვენეს.

ვთქვათ ისიც, რომ აჟენელთა მაისურით სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53 წუთი ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა.

ჩელენჯ ქაფის მომდევნო ტური უკვე გაისად ჩატარდება. 11 იანვარს ბორდო შოტლანდიურ ედინბურგს უმასპინძლებს, აჟენი კი ინგლისურ უოსპს დაუხვდება, რომელშიც ზურაბ ჟვანია ირიცხება.

გასულ ტურში “ბზიკებმა” შინაურ კედლებში სქოთებთან 7:9 წააგეს, ქართველი ბურჯი კი განაცხადში არ ყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები