Thumbnail

დიეგო კოშტა ბრაზილიაში? წარმოშობით ბრაზილიელით ფლამენგო ინტერესდება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • დიეგო ატლეტიკოში ძველებურად შედეგიანი აღარ არის
  • 31 წლის ფეხბურთელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან

Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, ფლამენგო დიეგო კოშტას შეძენას აპირებს. ტრანსფერი იანვარში უნდა განხორციელდეს. ბრაზილიური კლუბს ფეხბურთელის შესაძენად 25 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

დიეგო კოშტა მადრიდის ატლეტიკოში 2018 წლის იანვარში, ლონდონის ჩელსიდან დაბრუნდა. კლუბში 31 წლის ფეხბურთელის დატვირთვამ იკლო. დიეგო სიმეონე ალვარო მორატას უფრო მეტად ენდობა და ესპანელსაც უკეთესი შედეგები აქვს. ასევე ძირითადში ხშირად ხვდება ჟოაო ფელიქსი, რომელიც ახლახან Golden Boy-ს გამარჯვებული გახდა.

კოშტათი ფლამენგოს გარდა ყატარული ალ რაიანი და რამდენიმე ჩინური კლუბი ინტერესდება, თუმცა ყველაზე დიდი შანსი მაინც ბრაზილიურ კლუბს აქვს.

ფლამენგომ ცოტა ხნის წინ კოპა ლიბერტატორესის ფინალში რივერ პლეიტი ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის მთავარი შემოქმედი გაბრიელ ბარბოსა იყო, რომელზეც იწერება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის ინტერს დაუბრუნდება. სწორედ "გაბიგოლის" შემცველად განიხილება დიეგო, რომელიც ბრაზილიაშია დაბადებული, თუმცა სანაკრებო დონეზე ესპანეთის ღირსებას იცავს. 

"რა თქმა უნდა, მინდა ბრაზილიაში თამაში, მაქვს ამის სურვილი და ოცნება, რადგან ფლამენგო შესანიშნავი გუნდია", - განაცხადა კოშტამ.

ფლამენგოში თამაშობს დიეგოს ყოფილი თანაგუნდელი ფილიპე ლუისი. მას მიაჩნია, რომ კოშტას ტრანსფერი გუნდისთვის კარგი იქნება.

"სათამაშო სტილის გათვალისწინებით, ის ფლამენგოსთვის იდეალური მოთამაშეა", - განაცხადა ლუისმა.

დიეგო კოშტამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები