- ერლინგ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურშიც გაიტანა
- ნორვეგიელმა ამ გოლით ალესანდრო დელ პიეროს რეკორდი გაიმეორა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ზალცბურგმა გენკი სტუმრად 4:1 დაამარცხა და მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. ავსტრიული კლუბი E ჯგუფში 7 ქულით მე-3 ადგილზეა და მეორეადგილოსან ნაპოლის (1:1 ლივერპულში) ბოლო ტურის წინ 2 ქულით ჩამორჩება.
ზალცბურგის ფორვარდ ერლინგ ჰაალანდისთვის ეს კიდევ ერთი განსაკუთრებული თამაში იყო. 19 წლის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე მატჩში მე-8 გოლის გატანა შეძლო. მას წინა 4 შეხვედრაშიც ჰქონდა გოლები და სერია 5 მატჩამდე გაზარდა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ 5 მატჩში გოლი - ასეთი შედეგი აქამდე მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა - ალესადრო დელ პიეროს (იუვენტუსი) და დიეგო კოშტას (ატლეტიკო). ოღონდ, ჰაალანდმა ორივე მათგანზე ახალგაზრდულ ასაკში შეძლო - ნორვეგიელი ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც პირველ 5 მატჩში ზედიზედ გაიტანა.
ჰაალანდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირებში მხოლოდ ბაიერნის გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის (10) ჩამორჩება. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგაში ასევე 8 გოლი აქვს, მაგალითად, ედენ აზარსაც - ოღონდ მას ამისათვის 49 მატჩი დასჭირდა.
კომენტარები