Thumbnail
  • მამუკა გორგოძეს თავის არეში მხრით დაეჯახნენ
  • ქართველმა მორაგბემ თამაშის გაგრძელება მოახერხა

ვეტერანი ქართველი მორაგე მამუკა გორგოძე მძიმე ტრავმას გადაურჩა. ფრანგული ტულონის მეორეხაზელი უხეში თამაშის მსხვერპლი ჩელენჯ ქაფის მე-2 ტურის მატჩში გახდა, როდესაც ტულონელები უელსურ სკარლეტს მასპინძლობდნენ.

მატჩის პირველი ტაიმის დრო ამოწურული იყო და ფრანგული გუნდი ბოლო იერიშს ახორციელებდა, როდესაც სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტევიტა რატუვა ჩვენებურს უხეშად დაეჯახა.

ფიჯელმა მორაგბემ მხარი ქართველს თავის არეში დაარტყა და უკან გადააგდო. შეხვედრის რეფერის ეს ეპიზოდი გამორჩა, თუმცა, ვინაიდან მამუკა წამოდგომას ვერ ახერხებდა და მის დასახმარებლად, ექიმებც იყვნენ შესულნი, თამაშის შეჩერება მოუწია.

სწორედ ამ დროს საქმეში ვიდეორეფერიც ჩაერთო და განმეორების დროს კუნძულელის უხეშობა თვალნათლივ გამოჩნდა. შედეგად, არბიტრმა რატუვა წითელი ბარათით დასაჯა, ტულონმა კი მეტობა კარგად გამოიყენა და საბოლოოდ, მეტოქე 17:16 დაამარცხა.

ცნობისთვის, გორგოძემ მატჩის გაგრძელება მოახერხა და მინდორი მხოლოდ 70-ე წუთზე დატოვა, ფრანგული გუნდის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ბექა გიგაშვილი კი შეხვედრაში 52-ე წუთზე ჩაერთო.

ტულონს ჩელენჯ ქაფის მიმდინარე სეზონში ორივე მატჩი მოგებული აქვს და მე-2 ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 7 დეკემბერს, ისევ შინ, ინგლისურ ლონდონ აირიშთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები